weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

გორში ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე 5-ვე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

16:36 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანეთის მოქალაქის, 28 წლის ტომას კენედის ჯგუფური მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იმის გამო, რომ ერთ-ერთი ბრალდებული 17 წლის არის, სასამართლო სხდომა დახურული იყო.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პოლიციამ ოთხი ახალგაზრდა – 2002 წელს დაბადებული ზ.ფ., 2004 წელს დაბადებული გ.ო., 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული გ.ბ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 10 ოქტომბერს დააკავა. მეხუთე დაკავებულს, 1997 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

„ჩემი ძმა აიძულეს, რომ რაღაცები ეღიარებინა. რა თქმა უნდა, მან თავისი სიმართლე აღიარა, რომ არ იყო დამნაშავე ამ საქმეში. ჩემს ძმას შესთავაზეს, წამოდიო, ფული დავახარჯინოთ და ფული წავართვათო (რაღაც ასეთი), რაზეც ჩემმა ძმამ კატეგორიული უარი განაცხადა“, – თქვა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულის ძმამ.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დგინდება, რომ 7 ოქტომბერს, ოთხმა ბრალდებულმა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის გაძარცვა გადაწყვიტა და აღნიშნული განზრახვა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ვ.ო.-ს გაანდო, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, იმავე დღეს, ქალაქ გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., ძალადობით ტომას კენედის მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ, ჩადენილი დანაშაულის დასაფარად კი გონებადაკარგული კენედი მდინარე მტკვარში გადააგდეს. მისი ცხედარი მდინარე მტკვარმა 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ.ო.-ს მომხდარის შესახებ აცნობეს და „რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“.

გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]