weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ და პარადებს ჩაატარებ, დაისჯები – მეუფე უკრაინაზე

11:28 ორშაბათი, 14 მარტი 2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა (აბულაძე) უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა უკრაინა „გეი-პარადების“ ჩატარების გამო ისჯება. მისივე თქმით, ახლა ერთმანეთს ძმები ეომებიან, რომლებიც „მესამე ძალებმა“ წააქეზეს.

„საშინელებაა რომ ძმები, ეთნიკურად ერთი ხალხი, ერთი ემბაზიდან ამოსული ხალხი ერთმანეთს ეომებიან და სისხლი იღვრება. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვევედროთ უფალს, რომ შერიგდნენ ისინი, მშვიდობამ დაისადგუროს. მესამე ძალებმა წააქეზეს ისინი და შედეგად მივიღეთ ომი. სხვათა შორის, საუკუნეების წინ, ძალიან დიდი მამების მიერ დიდი წინასწარმეტყველებებია, რომ ეს ასე მოხდებოდა და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი რუსეთი, წმინდა რუსეთი – ასე ჰქვია. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი. ერთი მეფე ეყოლებათ და საქართველოში აღდგება მეფობა. იქ იქნება რომანოვი მეფედ, აქ ბაგრატიონი აღდგება და ძალიან მეგობრულად იქნებაინ ერთმანეთთან. ამას მამა გაბრიელი პირდაპირ წინასწარმეტყველებს და ძალიან დიდი რუსი წმინდანები. ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს – აბა, ვის უნდა ახლა ომი“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა 13 მარტს, შუახევის სოფელ ხიჭაურში საკვირაო ქადაგების დროს.

როგორც მან თქვა, რუსეთ-უკრაინის საკითხში ქართველებმა მხარე არ უნდა დაიჭირონ. მეუფე სპირიდონმა გადაწყვეტილება მოუწონა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, რომელიც „ამ კონფლიქტში არ ჩაერია“ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.

„ისინი ერთმანეთში შერიგდებიან და არ შეიძლება ჩვენ ჩავერიოთ. ჩვენ თუ ჩავერევით უნდა ჩავერიოთ რითი? აი, როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აკეთებს: გავუგზავნოთ მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარუული ტვირთი და ვილოცოთ, რომ იქ მშვიდობა იყოს. ეს არის ქრისტიანობა, ხოლო მხარედ რომ წარმოაჩენ თავს, ეს არ არის ქრისტიანობა, იმიტომ, რომ ამით აქეზებ...

ბოლო დღეებში მოვიმინე, რომ ძალიან მრისხანედ და ცუდად ახსენებენ რუსეთს. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა. არაფერით არ შეიძლება საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასე გააკეთოს“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მიტროპოლიტის თქმით, კავკასიის მშვიდობისა და ომის გასაღები დღეს რუსეთის ხელშია.

„მისი ნებართვის გარეშე წონასწორობა კავკასიაში არ დაირღვევა. შენ რომ მას [ჩრდილოელ მეზობელს] აგინებ, ლანძღავ და ყველა ბრუნვაში აბრუნებ, იმ კაცმა რომ უთხრას ამ ჩვენს დანარჩენ ე.წ. მეზობლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო, დარჩება ჩვენგან რამე? თუ ისეთი ჯარი გვყავს რომ ყველა ფრონტზე ყველას მოიგერიებენ?! ამას ჰქვია ის, რომ ადამიანი არ ფიქრობს და ემოციებზეა აყოლილი, მსუბუქად რომ ვთქვათ, თუ უარესი რამ არ არის. ამიტომ, ემოციებზე აყოლის უფლება ჩვენ არ გვაქვს.

ან რომ აგინებ და ლანძღავ შენს ჩრდილოელ მეზობელს, ადამიანები ომში არიან და სისხლი იღვრება, ის გაგულისებული ადამიანი რომ შემოვიდეს შენთან და ყველაფერს გადაუაროს, შენ აგებ პასუხს, კაცო, რომ ილანძღები და იგინები?! – არ აგებ! საზღვარი ახლოს არის და გაიქცევი იქიდან ან ჩაყვინთავ იქ წყალქვეშა ნავში და ამოყვინთავ ამერიკის ნაპირებზე. რა უნდა იმის ანალიზს, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ ომშია და იმას აგინებ, შეიძლება ეს გააკეთოს. სად მიდიხარ მერე, დაგეხმარება ვინმე? როგორც ახლა უკრაინას დაეხმარნენ ისე, ყველამ ყველაფერზე უარი უთხრა. უბრალოდ, იარაღს აძლევენ, კარგად ხოცეთ ერთმანეთიო. ეს ხომ ელემენტარულია.

მერე, რა მაკვირვებს იცი? ის ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრს ყვირიან და ძალიან ცუდად ახსენებენ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, სამწუხაროდ, მათი უდიდესი უმრავლესობა, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, თბილისში 100 ათასი მოწამის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და ასი ათასობით მოწამის ქალაქში ჩვენ გეი-პარადს გვიმართავდნენ, გარყვნილებისა და ზნედაცემულობის პარადს, მაშინ ეს ხალხი ხმას არ იღებდა, დღეს რომ ძალიან ბევრს ყვირიან. რატომ არ იღებდნენ ხმას, ვის ასიამოვნებდნენ? ეჭვი მაქვს, რომ დღესაც მათ ასიამოვნებენ, როცა ასე ლანძღავენ იმ ჩრდილოელ მეზობელს და ფაქტობრივად, იწვევენ, მოდი და გაასწორე ყველაფერი მიწასთანო.

კიევი ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. ეს ხომ უდიდესი საჩუქარია მათთვის. მაგრამ ვისაც მეტი მიეცეს, მეტი მიეთხოვოხო.

ხოდა, შე დალოცვილო, ამხელა სიწმინდეში გეი აქტივისტს რომ პრეზიდენტად აირჩევ, არ არის ეს კარგი და რა თქმა უნდა, სასჯელს უნდა ელოდო. ასეთ სიწმინდეში ყოველ წელიწადს გეი-პარადებს რომ ჩაატარებ, რა გასაკვირია რომ დაისაჯო და ღვთის რისხვა მოგეწიოს. ვინ იქნება დამსჯელი, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

მაიდანი და გადატრიალება რომ მოაწყვეს უკრაინაში, ზეიმით, გეი-პარადით აღნიშნეს და იმის შემდეგ, ყოველ წელს გეი-პარადი იმართება, სად? ღვთისმშობლის წილხვედრ კიევში. ამას უფალი არ გაპატიებს, შვილო. ვინ დაგსჯის, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დაისჯები და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძმები ხოცავენ ერთმანეთს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ყველაფერი დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ეს ორი ერი, რომელიც ფაქტობრივად ერთი ეთნოსია შერიგდნენ და ერთად იყვნენ. ისეთი ხელისუფლება მიეცეს უკრაინას, რომ გეი-პარადები აღარ ჩაატაროს და სიწმინდე, რჯული, წესიერება და პატიოსნება დაცული იყოს“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

ერთი კვირის წინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილმა უკრაინაში დაწყებული ომი ფაქტობრივად გაამართლა. მისი განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ხალხი „გეი-აღლუმების“ წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანი რუსეთის შეკავებაა, თუმცა მის წინააღმდეგ ომს საკუთარი ხელებით არ აპირებდნენ, რის გამოც სხვა საშუალებას მიმართეს და ერთმანეთს „მოძმე ერები“ დაუპირისპირეს: „ეს ტრაგიკული კონფლიქტი დიდი გეოპოლიტიკის ნაწილი გახდა, რომლის მთავარი მიზანი რუსეთის დასუსტებაა“, – მიიჩნევს მოსკოვის პატრიარქი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]