დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მის კონტაქტებში „მაიმუნის ყვავილის“ კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გუშინ, 14 ივნისს განაცხადა, რომ წელს მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების 1600-ზე მეტი დადასტურებული და 1500-მდე საეჭვო შემთხვევა აღირიცხა. ამ დრომდე გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.
„მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქება აშკარად უჩვეულო და შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომავალ კვირას მოვიწვიო საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა, რათა შევაფასოთ არის თუ არა ეს აფეთქება საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია“, – განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის რეკომენდაციას ამ ეტაპზე არ გასცეს.
„მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირება შესაძლებელია სიმპტომებიან ადამიანთან ახლო კონტაქტით, რაც შეხებას და პირისპირ ყოფნასაც მოიცავს. ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცები ან ისეთი საგნები, როგორიცაა ჭურჭელი, რომელსაც ინფიცირებული იყენებდა, შესაძლოა ასევე გახდეს დაავადების გადადების წყარო. „მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომებია გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება, თავისა და კუნთების ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა.