weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მედიის განვითარების ფონდმა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კვლევა გამოაქვეყნა

12:03 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

კვლევა მიზნად მედიის ფინანსური გარემოს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს.

ფონდის ინფორმაციით, კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეების - „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“,  სტუდია „მაესტრო“ და GDS-ის 2017 წლის 3 კვარტლის ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის კვლავაც გაუმჭვირვალეა, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მონაცემებს თითქმის 1 წელია არ ასაჯაროვებს;

4 ტელეკომპანიის გამოკლებით, სხვა მაუწყებელთა შემოსავლები მარეგულირებელმა ნოემბრის დასაწყისში მხოლოდ მედიის განვითარების ფონდის სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ გამოაქვეყნა;

4 ტელეკომპანიის გარდა, სხვა სატელევიზიო მაუწყებლების სამი კვარტლის შემოსავალმა 50 591 081 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (32 825 661) მოდის;

ტელეკომპანია „ობიექტივის“ შემთხვევაში, მთავარი შემოსავლის წყარო წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც შემოწირულობებია, რომელიც მთლიანი შემოსავლის 81 %- ს (768 035 ლარი) შეადგენს. აქედან 130 900 ლარი მაუწყებლის მფლობელის, 637 135  ლარი კი - სხვა პირების შემოწირულობებია.

2017 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 8 800 535 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც 65,9 % (5 800 606) ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 9.8 % (864 964) - რეგიონულ ტელევიზიებზე, 14.6 % (1 325 943) - ონლაინ მედიაზე, 4,6 % - ბეჭდვურ მედიაზე (403 980), 0,7 % (60 209) - რადიოზე; 2,6 % (229 648) კი შერეულ კონტრაქტებზე გადანაწილდა.

ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383  ლარის ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან „იმედთან“ გაფორმდა, რეგიონული ტელევიზიებიდან - ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (185 522 ლარი), რადიოებიდან - ჰოლდინგ „ფორტუნასთან“  (11 240 ლარი), ონლაინ მედიიდან - „პალიტრა მედია“ ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებთან (341 829), ბეჭდვით მედიიდან - გაზეთ „რეზონანსთან“ (76 626).

გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციები 2017 წელსაც აფინანსებდნენ ისეთ გამოცემებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკითა და სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან.

საჯარო დაწესებულებებსა და ტელევიზიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ვხვდებით ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს, როდესაც სიუჟეტის შინაარსს, მის ეთერში განთავსებას და პერიოდულობას ადმინისტრაციული ორგანო ან საბიუჯეტო ორგანიზაცია განსაზღვრავს.

ონლაინ მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკონტრაქტო პირობები როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარებას, ასევე მათი საქმიანობის გაშუქებას, ინტერვიუების აღებას, გაშუქებული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, მათ მთავარ თემებში გამოტანას მოიცავდა.

სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები არც ონლაინ მედიაში, არც ბეჭდვითში არ მოქმედებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.

გარკვეული გამოცემები სარეკლამო სტატიებისა და სარედაქციო მასალების მკაფიოდ გამიჯვნის სტანდარტს არც ადგილობრივი არჩევნების დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს იცავდნენ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომ დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]