weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული 23 წლის შოაიფ ბორზიევია

15:27 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც სუს–ის ცნობით, ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება.

სუს–ის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განმარტა, რომ დაკავებული პირის ვინაობის დადგენა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გახდა შესაძლებელი.

ინტერპოლის ვებგვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შოაიფ შახრუდის ძე ბორზიევი 1994 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნოჟაის-იურტის რაიონის სოფელ ახკინჩუ-ბორზოიშია დაბადებული. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები მას უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდების გამო ეძებენ.

თბილისში, 21–22 ნოემბერს სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე სუხო დუდაევი იყო. დაკავებულის ადვოკატმა თქვა, რომ მისი კლიენტი დუმილის უფლებას იყენებდა და არც ნამდვილი ვინაობა გაუმჟღავნებია. დაკავებულს ბრალი წარედგინა როგორც საიდ დუდაევს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღესვე სუს–მა ახმედ ჩატაევთან ერთად მყოფი 2 პირის ვინაობაც გამოაქვეყნა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

სუს–ის ინფორმაციით, საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში თურქეთიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთით შემოვიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]