weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპანია „ბადაგონმა“ ორივე ღვინის ქარხნის მუშაობა შეაჩერა

00:34 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

ღვინის კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე, კომპანიის კუთვნილი ქარხნების მუშაობა შეჩერებულია. კომპანიის მფლობელის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, მუშაობას საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე არ განაახლებენ.

„ბადაგონის“ სათავო ოფისში გამომძიებლები კომპანიის წილის ყოფილი მფლობელის, „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას საჩივრის საფუძველზე შევიდნენ. ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადებით, მისი აქციები მიითვისეს.

ჯანჯღავას ადვოკატის იმედა დვალიძის განმარტებით, „ბადაგონის“ მთავარი დამფინანსებელი წლების განმავლობაში „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ იყო, რომლის რეალური მფლობელი მისი კლიენტი ვლადიმერ ჯანჯღავაა და საკუთარი წილი სიმამრსა და ცოლზე ფორმალურად აქვს გაფორმებული. ადვოკატი აღნიშნავს, რომ „ბადაგონში“ „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ 60%-იანი წილი ჯანჯღავამ სალაყაიას ნამდვილად გადასცა, თუმცა არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებაც, რომელიც გიორგი სალაყაიამ აღარ შეასრულა.

„კომპანია „ბადაგონში“ ვლადიმერ ჯანჯღავამ 20 მილიონი დოლარი მოიზიდა. არავინ დაიჯერებს, რომ პირს, რომელმაც კომპანიაში 20 მილიონი მოიტანა, წილის 50 ათას დოლარად გაასხვისება შეეძლო, რომელიც ასევე არ არის გადახდილი. ეს ხელშეკრულება იყო ფორმალური, ის იყო ნდობაზე დაფუძნებული გარიგება, რომელიც აღარ შესრულდა“, - განაცხადა დვალიძემ „რუსთავი 2“-თან.

თავის მხრივ გიორგი სალაყაია ამბობს, რომ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას, რომელიც კომპანიის „ხელში ჩაგდებით“ არის დაინტერესებული და ჯანჯღავას ამ მიზნით მიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს „ბადაგონის“ სათავო ოფისში და არა უშულოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

კომპანია „ბადაგონი“ ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში. 2017 წელს „ბადაგონმა“ ღვინის ექსპორტიორ 250 კომპანიას შორის პირველი ადგილი დაიკავა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს მათი გაყიდვების მოცულობა 35%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]