ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ალავერდის მიტროპოლიტი ტუალეტის ქაღალდის, ნივთების შესაძენად მერიისგან თვეში 2000 ლარს ითხოვს

14:26 - 12 თებერვალი 2018 hits 33888

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე) ახმეტის მერიისთვის გაგზავნილი წერილით სამონასტრო კომპლექსთან მდებარე ტუალეტისთვის ქაღალდისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 2000 ლარის გადარიცხვას ითხოვს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე წყაროსთან არის გადამოწმებული, ახმეტის მერიამ ალავერდელ მიტროპოლიტს ტუალეტისთვის ქაღალდის და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად წელიწადში 24 000 ლარით დაფინანსებაზე უარი უთხრა, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უარყოფენ ეპარქიიდან მერიაში მსგავსი შინაარსის წერილის მიღებას. 

მერმა იოსებ ქარუმაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ მან არაფერი იცის ეპარქიიდან ასეთი მოთხოვნის შესახებ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის დავით აბულაძის განმარტებით, ასეთი მოთხოვნით მერიის კანცელარიაში წერილი რეგისტრირებული არ არის.  

„რეგინფომ“ ამის შემდეგ კიდევ სცადა ინფორმაციის დაზუსტება. კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, რამდენიმე პირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი წერილი მერიამ ეპარქიიდან ნამდვილად მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც წერილით „რეგინფო“ დაინტერესდა, გადაწყვიტეს, ის არ გაეხმაურებინათ. 

„რეგინფო“ არაერთი მცდელობის მიუხედავად ალავერდელ მიტროპოლიტს ვერ დაუკავშირდა. ეპარქიიდან რომელიმე სასულიერო პირი განმარტების გაკეთებას თუ გადაწყვეტს, მაშინვე შემოგთავაზებთ. 

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტი 2011-2012 წლებში მიტროპოლიტ დავითის მოთხოვნით აშენდა. მშენებლობის საკითხის დადებითად გადაწყვეტას იმდროინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ლობირებდნენ.

აღნიშნული ტუალეტი მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე წელი საერთოდ არ ფუნქციონირებდა, ამჟამად კი ფასიანია, შესვლა 50 თეთრი ღირს. ტუალეტში შემსვლელთაგან გადახდილ თანხას ეპარქიისგან შერჩეული პირი იღებს. 

ტუალეტის მშენებლობის მიზნით, ახმეტის გამგეობამ პირველი ტენდერი 2011 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა. მისი მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულად შპს „იმედი 10“ (ს/კ - 406027428) გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2011 წლის 17 ოქტომბერს 127 900 ლარზე გაფორმდა. 

იმავე წლის 13ოქტომბერს ახმეტის გამგეობამ ტუალეტის მოწყობისათვის კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 22 000 ლარზე. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - შპს „იბერიამშენთან“ (ს/კ - 406052587) ხელშეკრულება 14 ნოემბერს 17 999 ლარზე გაფორმდა. 

კიდევ ერთი ტენდერი ალავერდის ტუალეტის სახურავისა და ფასადის მოწყობასთან დაკავშირებით 2011 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერში ინდმეწარმე ნინო მაზიაშვილმა გაიმარჯვა და მასთან ხელშეკრულება 2012 წლის 4 იანვარს 3921 ლარის სამუშაოებზე გაფორმდა. 

ტუალეტის შიდა კეთილმოწყობაზე გარკვეული თანხა გაიღო კახეთის განვითარების სააგენტომაც, თუმცა დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია. 

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ტუალეტის მშენებლობა პირადად ალავერდის მიტროპოლიტის მითითებებით ხორციელდებოდა, ამის გამო პროექტიც არაერთხელ შეიცვალა, ზოგიერთი სამუშაო კი მიტროპოლიტმა დასრულების შემდეგ დაიწუნა და ხელახლა შეასრულებინა. პროექტის განხორციელებაში ძალოვანი სტრუქტურებიც იყვნენ ჩართული, - სამუშაოების მიმდინარეობას ინტენსიურად აკონტროლებდა კახეთის ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი ხუტა პაჭკორია

3436 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღნიშნული ტუალეტი, ასევე „მაწვნის სახლი“და სხვა ობიექტებია განთავსებული, ალავერდის ეპარქიას ახმეტის რაიონის გამგეობის 2005 წლის 13 ივნისის №57 დადგენილების საფუძველზე გადაეცა.

 

მსგავს თემაზე:

ალავერდელი მიტროპოლიტი საეკლესიო დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვს

იყალთოსა და შუამთაში კრედიტით აშენებული ობიექტები საპატრიარქოს გადაეცა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]