weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს

10:00 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, გათავისუფლებულები არიან.

გუშინ, გვიან საღამოს ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში იმყოფებოდა. ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

კახაბერ საბანაძის განცხადებით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

„როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ლევან ქუტაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი. ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]