როგორც „რეგინფოს“ გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია ვაშაკიძემ განუცხადა, არსებული გზის გასწვრივ, სოფლების გვერდის ავლით,შერჩეული იყო სამი მიმართულება. ალტერნატივები მიზნად ისახავდა სახნავი მიწის ნაკვეთებზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, განსაკუთრებით ვენახებსა და ხილის ბაღებზე.
შერჩეული ალტერნატივის მიხედვით, რომელიც რუკაზე ცისფერ ხაზად არის მოცემული, გზის სიგრძე 36 003 მეტრია, გადის 1 287 მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 1 068 636 კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან 419 (272 249 კმ.მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი 868 (796 388 კმ.მ) კერძო საკუთრებაში. საპროექტო გზის აღნიშნულ ალეტერნატივაში 21 მიწის ნაკვეთი (18 107კმ.მ) ხვდება დასახლებულ ტერიტორიაზე, 26 მიწის ნაკვეთი (25 822 კმ.მ) კერძო ბიზნესია, ხოლო 44 მიწის ნაკვეთი (29 044 კმ.მ) არასასოფლოსამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო 2 მიწის ნაკვეთი (124 კმ.მ) კავშირგაბმულობის ანძებია, რომელიც მობილური ქსელის კომპანიების საკუთრებაშია.
გურჯაანი - თელავის ახალი გზის მშენებლობა მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მოხდება.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-თელავის არსებული გზა გადის 19 სოფელზე 94 ათასი მოსახლით. გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის გზას ასევე აქვს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემები და ვერ აკმაყოფილებს პარამეტრებს (გზის სიგანე, სანიაღვრე სისტემა და ა.შ.). გზაზე ტრანსპორტის ინტენსიური სატრანზიტო მოძრაობაა, რაც საგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბაკურციხე - წნორის ახალი, შემოსავლელი გზის მშენებლობასაც გეგმავს სოფლების ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მანშაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.
მაია ვაშაკიძის განცხადებით, დაგეგმილია თბილისი - ბაკურციხის არსებული გზის გაფართოებაც.
შეგახსენებთ, უკვე მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი გზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38 მილიონი ლარია. მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.