weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ყვარელში პოლიციელს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს

16:35 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, გიორგი ქანდაურიშვილს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. შემთხვევა 24 აპრილს მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აპრილს გ.მ. ქალაქ ყვარელში, ერთ-ერთ ქუჩაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ქანდაურიშვილმა, რომელიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გ.მ. პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავს დაესხა და დანით სხეულზე 2 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა სამართალდამცველმა შეძლო თავდამსხმელის განიარაღება და დაკავება.

ამ დროისთვის გიორგი ქანდაურიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, იმავე საღამოს, დაკავებული გ.მ.-ს ძმა -ა.მ., თანასოფლელებთან ერთად, პოლიციის შენობასთან მივიდა, უცენზურო სიტყვებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ძმის გათავისუფლებას ითხოვდა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წესრიგი დაეცვა და შენობის ეზო დაეტოვებინა. სამართალდამცველებმა ა.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ადგილზე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ა.მ. 400 ლარით დააჯარიმა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ანალოგიური დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]