აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით მცირდება, აზერბაიჯანის 33 %-ით იზრდება - ხუნდაძე

16:41 - 17 მაისი 2018 hits 10086
ფოტოზე დიმიტრი ხუნდაძე ფოტოზე დიმიტრი ხუნდაძე

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. საქართველოს მოსახლეობა 28 %-ით, 1 170 000 ადამიანამდე მცირდება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა 7%-ით იზრდება.

„კავკასიაში დემოგრაფიული დისბალანსის“ შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შემოღებას და მათთვის მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას ასახელებს.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება მშობელს ასაკის შეუზღუდავად. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია - მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე- დამატებით 10-10 ლარს.

დეპუტატის ინფორმაციით, 2014  წლის აღწერით, საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

„სულ საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20 ლარიანი შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში 2235840 ლარია; 5 ბავშვიანი ოჯახი კი 2190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი ექნებათ, რაც მთლიანობაში 788 400 ლარს შეადგენს; 6 ბავშვისგან შემდგარი სულ 583 ოჯახია, ისინი თვეში 40 ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია; ხოლო 7 და მეტ შვილიანი 280 ოჯახია და ჯამში თანხა 184 560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3 489 000 ლარია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს.       

„შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა.   თებერვლის მონაცემებით კი ბაზაში რეგისტრირებულია 7525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა მიიღებს. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, აღნიშნული შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

„თუ დემოგრაფიულ ვითარებას რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ,  აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, სომხეთის - 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით მცირდება, რაც სერიოზული დისბალანსია და შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების საფუძველიც გახდეს. ხანდაზმულთა რაოდენობა კი, მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას.

ცალკე პრობლემაა ერის დაბერება. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს 6%-ით, ხოლო აზერბაიჯანს - 14%-ით ვუსწრებთ, თურქეთს - 11%-ით. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას აღემატება. 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16-ე ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება. თუ კავკასიაში ყოველი მესამე მოქალაქე ქართველი იყო, დღეს ყოველი მეექვსეა.

ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა, ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში საკმაოდ საყურადღებოა“.

დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრებს დემოგრაფიული რისკებიც გააცნო, რომლის ჩამონათვალიც ასეთია: 90-იანი წლების პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა; შიდა და გარე მიგრაცია; შობადობის დაბალი მაჩვენებელი; პატიმართა რიცხვის მატება, აბორტები და ნარკოვითარება.

მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მხოლოდ მხოლოდ  ელექტროენერგიის სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. დეპუტატის თქმით, ისინი სხვადასხა მიმართულების - სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთვებიან. კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

მსგავსი კანონი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]