ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

გადაწყვეტილი გვქონდა სუს-ში თავები აგვეფეთქებინა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

22:41 - 31 მაისი 2018 hits 7268
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

„მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ქართველი ერის დიდი სიყვარული გააჩნია. ამას ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი. მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„მაგრამ მე დღეს ვხედავ, რომ ეს მე არ დამჭირდება და არ დამჭირვებია თქვენი ადამიანობით, კაცობით და ვაჟკაცობით. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი, თქვენ გაგიმარჯოთ ჩემ ქისტ ხალხთან ერთად. დაე, ვიყოთ ყოველთვის ერთად და გავუძლოთ ყველაფერს, ვიყოთ ერთიანები“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

დღეს, დილით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება დადასტურებულად არ ჩათვალა და მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა. 

ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე და „პროკურატურამ ნამდვილ დამნაშავეებს ხელი დააფარა“.

სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ საპროტესტო აქცია დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ.

ზაზა სარალიძე მთავარი პროკუსრორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას და საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ამასთან გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები და ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

დღესვე, პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

საღამოს, მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

მთავარ პროკურატურასთან დაწყებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის და სისხლის სამართლის საქმის უპასუხისმგებლოდ გამოძიებასთან დაკავშირებული სხვა პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.

ცოტა ხნის წინ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]