აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ნორიოში ჯარისკაცის ცემის საქმეზე 5 სამხედრო მოსამსახურეა დაკავებული

18:28 - 23 ივლისი 2018 hits 612

ვაზიანის საარტილერიო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილის ცემის საქმეზე ხუთი სამხედრო მოსამსახურეა დაკავებული. ერთ-ერთი სერჟანტი ირაკლი სამხარაძეა, რომელმაც დანაშაული აღიარა. პროკურატურის ინფორმაციით, დანარჩენი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დანაშაულს მალავდა. ისინი მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ დააკავეს.

„დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა სამი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. მოგვიანებით მოსამართლის განჩინებით დაკავებული იქნა ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ანალოგიური მუხლით წარედგინა ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით მასაც შეეფარდა პატიმრობა“, - განაცხადა რუსთავის რაიონულმა პროკურორმა გიორგი მიქაიამ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება ირაკლი სამხარაძეს, ის პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სერგო ჯიმშერაშვილი 25 მაისს, ნორიოში ცემეს. ირაკლი სამხარაძის ჩვენების მიხედვით, მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სერგო ჯიმშერაშვილს მუშტი დაარტა, რის შედეგადაც ის მაგიდასა და სკამს შორის თავით დაეცა. ჩვენების თანახმად, ჩხუბს 10-მდე სამხედრო ესწრებოდა.

ჯიმშერაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით ორი თვეა უგონო მდგომარეობაშია. მისი ოჯახის წევრების თქმით, დანაშაულში სხვა სამხედროებიც მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ კი საქმე სკანდალის თავიდან აცილების მიზნით არ გამოიძია. გამოძიება პროკურატურამ მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, სერგო ჯიმშერაშვილის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

„მთვრალი კაცი ან შეიგინებს, ან დაიყვირებს. გაეშველებინათ და ასე სასიკვდილოდ ნუ ცემდნენ. მუშტი თუ ჩაარტყა მეთაურმა, ტვინის შერყევას მიიღებდა, მაგრამ ბევრად მძიმედაა. ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია. როგორ აქვს მუშტი ჩარტყმული? სასიკვდილოდ არის ნაცემი“, - განაცხადა სამხედროს დედამ ნელი ჯიმშერაშვილმა.

დღეს ამ საქმეზე განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ. მინისტრის განცხადებით, სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ჰქონდა მყისიერი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

„სამხედრო პოლიციამ დაადგინა ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო პოლიციას სამედიცინო პერსონალისგან შეტყობინება უკვე ჰქონდა მიღებული. ეს შეტყობინება კი, ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი  შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო. აღნიშნული პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მალავდნენ დანაშაულს. სწორედ ამ საფუძვლით, ოთხი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ერთი პიროვნება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის არის ბრალდებული. ეს უკვე იმ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომელიც სამოქალაქო პოლიციამ განახორციელა. ასე რომ, ის ბრალდება, თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა - არასწორია. ამას კანონი უკრძალავს და ის ქმედებებში შეზღუდულია“, - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ადგილი აქვს უდისციპლინობას და მეთაურებისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს, რაც ძალიან დაკვირვებული ანალიზის საგანი უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]