weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

16:42 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ექვსი ხმით მხარი დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის კანონპროექტს, რომელიც 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

დეპუტატებმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება. კვიციანის განმარტებით, 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს და უქმე დღედ გამოცხადდეს.

„ეს არის ეროვნული საქმე, ჩვენი ქართული საქმე, წინაპრების პატივისცემა და ძალიან გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს. მამაკაცები ვართ უმრავლესობა, მეოთხე სასმისით ყოველთვის წინაპრების სადღეგრძელოს ვსვამთ. პატივი ვცეთ ჩვენს წინაპრებს და კანონად ვაქციოთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამაც წარუდგინა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა. კვიციანის თქმით, „კანონპროექტი თურქეთის ელჩმა გააჩერა“.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული დიპლომატიური უხერხულობა შექმნა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს პროექტის გაჩერების ერთადერთი მიზეზი არ იყო. ჯაშის თქმით, ერთგვარი გაუგებრობა და დისკუსია ახალი უქმე დღის დაწესების საკითხმაც გამოიწვია.

„სუვერენულ სახელმწიფოში ვერც ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა ვერ შეაფერხებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს“,  - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის აპარატის იურისტის ოთარ ბეჟიტაშვილის განმარტებით, სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თუ ერთი და იმავე შინაარსის კანონპროქტი შემოდის, მიიღებენ მას, რომელსაც პლენარულ სხდომაზე სამი მოსმენით უფრო ადრე მიიღებენ, ხოლო შემდეგში ანალოგიური შინაარსის მქონე კანონპროექტი ჩავარდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ემზარ კვიციანის კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]