weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ანტიაზერბაიჯანული აქცია თელავში დავით ლეგაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

01:42 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018
ფოტო © სააგენტო „რეგინფო“ ფოტო © სააგენტო „რეგინფო“

გვიან საღამოს, დაახლოებით 40 წუთით ახმეტა-თელავის ცენტრალური საავტომობილო გზა ჰქონდა გადაკეტილი სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობას. აქციის 300-მდე მონაწილე პოლიციის მიერ დაკავებული თანასოფლელის, დავით ლეგაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ანტიაზერბაიჯანული განწყობებით გამოირჩეოდნენ.

ვარდისუბნისა და ყარაჯლის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება 23 სექტემბერს, დილით, საკვირაო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ნამიქ ილიაზოვის თქმით, მის ნათესავს თავს დაესხა სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი დავით ლეგაშვილი, რომელიც შეიარაღებული იყო. ლეგაშვილს თან რამდენიმე პირი ახლდა.

„საქონლის ბაზარში შევედით, საქონელი მყავდა გასაყიდად გამოყვანილი, ჩემს სიძეს კი ცხვარი. დავინახე, რომ ჩემს სიძეს დაეხვივნენ. ხელკეტებით ურტყამდნენ. რკინის „დუბინკები“ ეჭირათ, ერთ-ორს კი პისტოლეტიც ჰქონდა. რომ მივვარდი, კაცისთვის უკვე თავ-პირი დამტვრეული ჰქონდათ. რკინის „დუბინკას“ ხელი წავავლე და წავართვი. იმას შეეშვნენ და ახლა მე დამაყარეს. დაახლოებით ათნი იყვნენ. პისტოლეტი ჰქონდათ, ესროლეს და დაჭრეს კაცი. 5-6 ადამიანი მცემდა, 14 წლის ბავშვიც ცემეს. ნეკნი მაქვს დამტვრეული. ვარდისუბნელები იყვნენ ძირითადად. წინა კვირასაც მოხდა კონფლიქტი, მაშინაც ავტომატი გაისროლეს. ახლა კიდევ პისტოლეტებით იყვნენ ჩამოსულები. თუ კანონი არსებობს, სიმართლეს ვითხოვთ. დღეს ჩვენ გვცემენ, ხვალ სხვას სცემენ“, - უთხრა ჟურნალისტებს დაზარალებულმა ნამიქ ილიაზოვმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ მუსაევის განცხადებით, დღეს დაპირისპირება ერთი კვირის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა: „ყოვლად დაუშვებელია ადამიანის ასე მწარედ ცემა და საერთოდ ძალადობა“.

ვარდისუბნელების ინფორმაციით, დაპირისპირება ყარაჯლის მცხოვრებლებმა გამოიწვიეს და ქართველებს პირველად ისინი დაესხნენ.

„ჩვენი მეგობრის შვილი მამამისის კუთვნილ ადგილში აგურს აწარმოებდა. საქონელი შეურეკეს და გაუფუჭეს. ბიჭმა ერთხელ გააფრთხილა, მეორედ გააფრთხილა და მესამედ რომ ჩავიდნენ, შეკამათება მოუვიდათ იმიტომ, რომ საქონელი მათ კუთვნილ ადგილში ისევ შერეკეს. წინა კვირას ბიჭს ნიჩაბი ჩაარტყეს თავში. ამ ამბავზე გვინდოდა შინაურულად შეგვერიგებინა. დილას უნდა მისულიყო და დალაპარაკებოდა. აქეთ წამოვიდნენ შეტევაზე, წავიდა ჩხუბი. ბაზარი სოფელთან ახლოსაა. ვარდისუბნელები იქ იყვნენ და რომ დაინახეს ჩხუბი იყო, მიეხმარნენ. თუ ჩვენ გვცემეს, ეგ არაფერი და თუ რაღაცას დააშავებენ და იმაზე რეაგირებას მოვახდენთ, ან რაღაცას ვეტყვით, გარბიან და ჩივიან. ბოლო-ბოლო ამ გზას გადავკეტავთ და არავის გავატარებთ“, - აღნიშნა ვარდისუბნის მკვიდრმა ზურაბ მოსახლიშვილმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაპირისპირების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი გადაიყვანეს. ოთხივე ყარაჯალის მკვიდრია. ერთ-ერთ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს კისრის არეში. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, პაციენტები თავისივე მოთხოვნით საავადმყოფოდან გაეწერნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 41 წლის დავით ლეგაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, ლეგაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას 32 წლის მამაკაცს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით ვარდისუბნის მოსახლეობამ საღამოს საპროტესტო აქცია გამართა. მათ პოლიციას ლეგაშვილის გასათავისუფლებლად დრო 19:00 საათამდე მისცეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ახმეტა-თელავის გზა გადაკეტეს, ყარაჯლის გადასახვევთან ახლოს. თითქმის 2 საათის განმავლობაში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური პარალიზებული იყო.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან არ თანამშრომლობდნენ და ინტერვიუს მხოლოდ პირველი არხის ჯგუფს აძლევდნენ, რომლის ოპერატორიც მათივე თანასოფლელია. ვარდისუბნის მცხოვრებლები „რუსთავი 2“-ს ადანაშაულებდნენ, რომ მომხდარი აზერბაიჯანელების სასარგებლოდ გააშუქა.

აქციის მონაწილეები, პოლიციის ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით, ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით უხამსი სიტყვებით იგინებოდნენ და ქსენოფობიურ განცხადებებსაც აკეთებდნენ: „უკვე ზედ დაგვასხდნენ მუსლიმები“; „გავყაროთ თათრები“; „საქართველო ქართველებისაა“; „გზა გადავუკეტოთ და აღარ გავატაროთ საერთოდ“; „სოფლიდან გარეთ არ გამოვუშვათ თათრები“; „სოფელში ამოვხოცოთ“ და ა.შ.

გზა დაახლოებით 40 წუთით იყო გადაკეტილი და მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც ვარდისუბანში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შოთა ჭანუყვაძე მივიდა. აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ დალოდებოდნენ პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავებულ დავით ლეგაშვილს ბრალი 24 სექტემბერს უნდა წაუყენონ, 25-ში კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

შოთა ჭანუყვაძემ ვარდისუბანში გამართული აქციის მონაწილეებთან, ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთა, რაზედაც „რეგინფო“ ვრცლად გიამბობთ.

ამ თემაზე:

სასამართლომ ვარდისუბანში დაკავებულ დავით ლეგაშვილს 2 ათასი ლარი გირაო შეუფარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]