„ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლო არჩევნებისთვის. „რესპუბლიკური პარტია“ იყო მკვეთრად დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ჩვენ შევძელით, მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და კოორდინირებულად ვმუშაობთ დღეს, მხარი დავუჭირეთ მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის „ახალი საქართველოს“ ყრილობას დაესწრო, რომელიც გუშინ, თბილისში ჩატარდა. ყრილობას ესწრებოდნენ გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებიც, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და თაკო ჩარკვიანი ახლად შექმნილი პარტიიდან „კანონი და სამართალი“.
რესპუბლიკური პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს.
ამ დროისთვის გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ 12 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შედის.