weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ზელენსკიმ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის

13:07 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

საქართველოში რვა თვის წინ დაკავებული ორი უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხდა.

„2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვოლოდიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებისთვის. დღეს საქართველომ ისინი გაათავისუფლა ციხიდან. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საქართველოს ეწვია და ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი და ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ოთხი დღის წინ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი და უკრაინის მოქალაქეები - იური ხომიჩი და ვოლოდიმირ დიაჩენკო 2020 წლის ნოემბერში, შავ ზღვაში დააკავეს. საქართველოს პროკურატურა მათ საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავებოდა. ბრალდების მხარის ვერსიით, ბატურინი, ხომიჩი და დიაჩენკო ხომალდით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი ბათუმის თვალთახედვის არეში გაჩერდნენ, რა დროსაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა და მათი ვინაობა გადაამოწმა. ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კავშირზე და ისევ თურქეთის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები სარგებლობდნენ ზღვაში მშვიდობიანი გავლის უფლებით, რასაც საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და სამი ადამიანის დაკავება მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, მსჯავრდებულები გაეთავისუფლებინა.

„მხოლოდ უკრაინელებს შესთავაზეს შეწყალება. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა განაცხადეს, რომ შეწყალებაზე უარს ამბობდნენ, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, ქართული მხარე იძულებული გახდა სამივე მათგანი მათი განცხადების გარეშე შეეწყალებინა, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ხალხი ამდენი თვის განმავლობაში უკანონოდ იჯდა ციხეში“, – განაცხადა ბასილაიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინელ მეზღვაურებს შეწყალება მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ზელენსკის ბათუმში ვიზიტი ეჭვის ქვეშ დადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]