weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ხალხი გამათავისუფლებს – სააკაშვილი

09:42 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა. მან უცხოეთში მყოფ მოქალაქეებსაც მოუწოდა, ვისაც ამის საშუალება აქვს, მას მიბაძოს.

„თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული.

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“, – აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ისტორიული არჩევნები გაიმართება და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ანულირებულად გამოაცხადა, „ქართველი ხალხი, ევროპა არ გამოსულან ამ ხელშეკრულებიდან“.

„დიახაც, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. საქართველოში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ. ოცნების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ხალხისგან იცლება, ნადგურდება ისტროიული ფასეულობები, საეკლესიო ცხოვრების წესი, ბავშვების მომავალი და ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ ხმა უნდა ამოიღოს.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი.

უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა, მაგრამ გვინდა მომავალი, არ გვინდა, ჩვენზე ძალადობდეს ვინმე.

ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყანარად შევხვდეთ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება, სიამაყე, გვინდა ადამიანური ცხოვრება. პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, არანაირი რევანში არ იქნება.

„ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს. ის აუნაზღაურებს ზარალს შვილებს, რომელთა დედები და მამები გააქცია უცხოეთში, ჩვენს გლეხობას, რომელიც ვერ ასაღებდა თავის პროდუქციას; მეანაბრეებს და ხალხს, ვინც აიღო კრედიტი და ვერ აბრუნებს, რადგან ვალუტა ორჯერ და მეტჯერ დაეცა. ამას ვპირდები მას, ვპირდები, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და ეს ყველაფერი ყველას ერთად გამოგვივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის საქართველოში ვიზიტის თარიღზე, მარშრუტსა და სხვა დეტალებზე ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]