weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შსს

15:10 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. დარახველიძის თქმით, სააკაშვილს არც საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს. 

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ვიდეოებთან დაკავშირებულ საკითხს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი“, – განაცხადა დარახველიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, სააკაშვილის მიმართ დამდგარია განაჩენი, ის არის ძებნილი და თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოშია. საკუთარ ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება და მალე თბილისში იქნება. სააკაშვილის საქართველოში ყოფნას ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არც მის მიერ გავრცელებული ვიდეოა ბათუმში გადაღებული.

ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, 2018 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]