weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

გლდანის ციხესთან აქციის გამართვა „ქართული ოცნების“ ბროლის ოცნებაა – მელია

22:02 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღეს, თავისუფლების მოედანზე დაიწყო, არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მისი თავისუფლება და ვიდრე ხელისუფლება „მიტაცებულ არჩევნებს“ არ დააბრუნებს.

როგორც მელია ამბობს, ოპოზიციის საპროტესტო აქციამდე ორი საათით ადრე, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მიზანი აქციის მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგებაა.

„ხელისუფლებამ ყურად არ იღო ასი ათასობით თავისი მოქალაქის პოზიცია და სურვილი, ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან ამოგვეყვანა. ხელისუფლებამ მიიტაცა ჯერ არჩევნები, მიიტაცა სახელმწიფო და ახლა წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე არაადამიანური ვნებით სურთ გვაყურებინონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას.

ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი - მორალური, ზნეობრივი - აქ პოლიტიკაზე საუბარიც კი აღარ არის. ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ეს არის რეჟიმი ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, კონსტიტუცია, როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა იქ ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ. ცდილობენ დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია. მხოლოდ ამას ემსახურებოდა ამხელა აქციის დაწყებამდე სულ რაღაც ორი საათით ადრე იმ ყველაფერის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

მე მინდა მთელ საზოგადოებას მოვუწოდო, რომ დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა. არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი. ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები. 

არცერთი მსურველი გლდანის ციხეში აქციის გამართვისა... მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც კრიმინალები ჰყავთ, დამნაშავეები ჰყავთ, კანონიერი ქურდები ჰყავთ, აი, იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი და იქ აქციის გამართვა არის „ქართული ოცნების“ ბროლის ოცნება, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წრე დაარტყან და „დაანახონ მთელს მსოფლიოს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება“.

„და ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უზრუნველყოფილი ნორმალური სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებით, არ იქნება გათავისუფლებული და მიტაცებული არჩევნები არ იქნება დაბრუნებული. ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველანი დარჩით. ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. შემოგვიერთდით. პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი აქცია გაგრძელდება და ირაკლი ღარიბაშვილი თუ იქ არის, ვერ გამოვა და თუ არ არის, ვერ შევა“, – განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ხვალ ერთ-ერთი აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]