weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

რუსეთისადმი სანქციებს საქართველო ავტომატურად უერთდება - ექსპერტები

20:35 სამშაბათი, 01 მარტი 2022

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დასავლეთმა ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა, საქართველოს პრემიერმა კი განაცხადა, რომ ამ სანქციებს არ შეუერთდება, საზოგადოებაში კრიტიკასთან ერთად ბევრი კითხვაც გაჩნდა. რას ნიშნავს, რომ საქართველო არ უერთდება იმ საერთაშორისო საზოგადოების სანქციებს, რომლის წევრიც თვითონაც არის; როგორ იმოქმედებს ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე და აქამდე რატომ ვერ მოახერხა საქართველომ ეკონომიკური ბაზრების დივერსიფიცირება. „რეგინფო ორ ეკონომისტს ესაუბრა - თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას და საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორს, აკაკი ცომაიას.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დასავლეთის მხრიდან დაწესებულ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე და უკვე რა ზარალზე შეიძლება საუბარი?

ვახტანგ ჭარაია: რუსეთს უკვე დაეტყო სანქციები და კიდევ უფრო დაეტყობა გრძელვადიან პერიოდში. რუბლი თითქმის ორჯერაა გაუფასურებული ოფიციალური მონაცემებით, რეალურად კი - უფრო მეტად. რომ ავიღოთ საშუალო რუსი მოქალაქის შემოსავალი დოლარში, ეს შემოსავალი უკვე ორჯერ შემცირებულია. რუბლის გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას, ზრდის ინფლაციას. ეს რუსეთის თითოეულ მოქალაქეს დაეტყობა. რაც შეეხება ბიზნესს, რუსულმა კომპანიებმა, უკვე ასობით მილიონი დოლარის ზარალი განიცადეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ კი გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად, ცენტრალური ბანკი რუბლის გაუფასურებას ვეღარ შეაჩერებს. პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი, ამ წუთას, ვერ აჩერებს ომს უკრაინაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ უფრო გამკაცრდება დამოკიდებულება რუსეთისადმი, შეაჩერებს.

აკაკი ცომაია: რუსეთში ეკონომიკის დაზიანების პროცესი უკვე დაწყებულია. ძალიან მალე, ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს მყისიერად დაცემას და სავარაუდოა, რომ 5-დან 10%-მდე, შეიძლება მეტადაც შემცირდეს. გრძელვადიანი შედეგი მეტად მძიმეც იქნება, ეკონომიკა თანდათანობით კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რადგან რუსეთს მომავალშიც ძალიან გაუჭირდება დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობა. ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება სანქციების ხანგრძლივობა.

- როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ეკონომიკაზე? რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი ხომ სავარაუდოა, რომ ისედაც იმოქმედებდა საქართველოზე, რადგან ორივე ქვეყანასთან აქტიური ეკონომიკური კავშირები გვაქვს. რა შეიძლება დაუმატოს ამას სანქციებმა და რუსეთის შესაძლო კრიზისმა; ყველაზე მეტად და სწრაფად რას დაეტყობა ეს, ფულად გზავნილებს, ექსპორტს, როგორ შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას, რომელსაც ჩვენს საერთო იმპორტში ყველაზე დიდი წილი აქვს?

ვახტანგ ჭარაია: პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს ექნება ძალიან ბევრი სირთულე, რომლის გადალახვაც მას არ ძალუძს. სანქციების ზეგავლენა საქართველოსაც პირდაპირ თუ ირიბად, აუცილებლად დაარტყამს. მაგალითად, რუბლის გაუფასურება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გამოიმუშავებდნენ გარკვეულ თანხას და მერე ყიდულობდნენ დოლარს საქართველოში გამოსაგზავნად, მათი თანხების მოცულობა შემცირდება. საქართველოს ეს შეეხება ბევრი მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, რუსული ბაზრის ჩანაცვლება ძვირი დაგვიჯდება.

აკაკი ცომაია: რუსეთის ეკონომიკის შემცირება ნიშნავს ექსპორტის ავტომატურად შემცირებას. შემცირდება ადამიანების შემოსავლები. ეს ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები გვექნება იქიდან ფულადი გზავნილები, პროდუქტის შემოტანა გაჭირდება. ქართული ეკონომიკისთვის აუცილებელია დივერსიფიკაცია, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

- რას ნიშნავს საქართველოს უარი, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ?

ვახტანგ ჭარაია: გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ნაწილი ვართ გლობალური, საერთაშორისო ცივილური სამყაროსი, რომლის სანქციებიც ავტომატურად საქართველოს შესასრულებელიცაა. მაგალითად, იგივე „ვი-თი-ბი“ ბანკის „აორთქლება“ ქართული ბაზრიდან, სანქციების დაწესების შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ეს არის სწორედ იმისი შედეგი, რომ საქართველო არის სანქციების ნაწილი და საქართველო ვერ და არ გაექცევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებს. ვინც არ უნდა ამბობდეს და რასაც არ უნდა ამბობდეს, ჩვენ სანქციების ნაწილში ვუერთდებით დანარჩენ სამყაროს. უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ ვიჩენთ იმაზე მეტ აქტიურობას, ვიდრე დასავლეთი იჩენს. მაგალითად, როდესაც დასავლეთს არ აუკრძალავს ვაჭრობა რუსეთთან, რა მასშტაბი და აზრი ექნება ჩვენს ემბარგოს? არ არის ეს გზა პრაგმატული ამ ეტაპზე, რუსეთს ვერ დავაზიანებთ ამით, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ იმ არხებით უნდა ვიბრძოლოთ, სადაც გვაქვს ჩვენი ნიშა და შესაძლებლობა, დიპლომატიური გზებით მათ შორის.  მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს დღეის მდგომარეობითაა ასე, არ არის გამორიცხული, რადიკალურად შეიცვალოს საკითხი მომდევნო კვირებში ან თვეებში  და იმდენად განსხვავებული რეალობა დადგეს, რომ უკვე ეს ვაჭრობაც არაფრად გვიღირდეს.

აკაკი ცომაია:

 

საქართველო ავტომატურად შეერთებულია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. უბრალოდ, ეს ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის. ენაზე რა ძალა ექაჩებოდა, რომ ამ თემაზე საერთოდ კომენტარს აკეთებდა.

თუ ვინმეს გულში მოხვდა ღარიბაშვილის ეს განცხადება, მოხვდა უკრაინელ ხალხს. იმის ნაცვლად, რომ თანადგომა გამოუცხადო, ფაქტობრივად, ხდები საინფორმაციო კამპანიის ნაწილი. იმ კამპანიის, რომლის ნაწილიც არიან ის ადამიანები, რომლებიც ღიად ეწევიან რუსულ პროპაგანდას. ღარიბაშვილის ეს განცხადება არაფრით განსხვავდებოდა მათი გამონათქვამებისგან.

მაშინ რაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, როდესაც ამბობს, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს?

ვახტანგ ჭერაია: ალბათ, ქვეყნის პირველი პირი იმიტომ ამბობს ამას, რომ პოლიტიკურ განცხადებას უგზავნის რუსეთის ხელისუფლებას, რომ აქ ზედმეტი არეულობა არ მოჰყვეს ამ ყველაფერს. ისეთი ანალიზიც ვრცელდება, რომ თუ რუსეთმა ვერ მიაღწია თავისას, არ არის გამორიცხული, სწრაფი გამარჯვებისთვის საქართველოში შემობრუნდეს. პოლიტიკოსებმა აკეთონ პოლიტიკოსების საქმე, მაგრამ

ჩვენ, მოქალაქეებმაც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და თუ გვინდა, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ, არ ვიყიდოთ რუსული პროდუქცია, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ღიად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მათ შორის, ფინანსურად.

აკაკი ცომაია: პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო ჩვეულებრივად ბრძანება, რომელიც მან მიიღო, რომ უნდა ეთქვა ეს და გამხდარიყო რუსული პროპაგანდის ნაწილი, სხვა ახსნა ამას არ აქვს.

- რუსეთის კრიზისი ხომ არ მისცემს ბიძგს საქართველოს, მოიძიოს ალტერნატიული ბაზრები ?

ვახტანგ ჭარაია: ალტერნატიული ბაზრების ძიებას ისედაც არაფერი უდგას წინ. ამისთვის საჭიროა გონივრული, პრაგმატული მუშაობა ჩვენივე კომპანიების და ჩვენი სახელმწიფოსი სხვა ბაზრებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ის პროდუქტი, რაც დღეს რუსეთში გაგვაქვს, გავიტანოთ სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ რაც უნდა კარგად დავამუშაოთ სხვა საექსპორტო ბაზრები, თვითონ რუსული ბაზარი მაინც იკარგება. ეს არის მთავარი სირთულე აქ. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთში ჩვენი ასობით ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს, ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები ისინიც არიან. ის, რომ რაღაც პროდუქტს არ მივაწვდით რუსეთს, შეიძლება სუფთა მორალური და ემოციური თვალსაზრისით, კარგად ჟღერდეს, მაგრამ ეს მაშინ შეგვეძლება თუ დივერსიფიცირებას მოვახერხებთ. ჩემი გადმოსახედიდან,

პრობლემა ის კი არ არის, რომ რუსეთთან ვვაჭრობთ, არამედ ის, რომ დიდი დოზით ვართ რუსეთზე დამოკიდებული.

უნდა ვეცადოთ, რომ სხვა ქვეყნებში ისეთი წილი გვქონდეს, ხოლო რუსეთის წილი იმდენად მცირე იყოს, რუსეთის ნებისმიერ წუთს გამორთვა აღარ ქმნიდეს პრობლემას ჩვენი ეკონომიკისთვის. აი, ამას უნდა მივაღწიოთ.

აკაკი ცომაია: რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, თუ მაგ კუთხით შევხედავთ სასარგებლოცაა საქართველოსთვის. აქამდე უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას ის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე უფრო და უფრო ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული. სამწუხაროდ,

რაც მივიღეთ ქართული ოცნების 10-წლიანი პოლიტიკის შედეგად, არის ის, რომ მაქსიმალურად ჩამოვეკიდეთ რუსეთის ეკონომიკას.

არ უნდა იმას ბევრი ფილოსოფია, რომ საქართველო უნდა ფიქრობდეს ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ როდესაც რუსეთის ეკონომიკაზე ხარ დამოკიდებული და რუსეთს ადებენ სანქციას, ეს გავლენას შენს ეკონომიკაზეც იქონიებს. დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებისთვის ეფექტიანი და აქტიური მოქმედებაა საჭირო.

რუსულ ბაზარზე საქართველოს დამოკიდებულება ყოველწლიურად იზრდება. 2012 წლის შემდეგ, რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია. ჩრდილოელი მეზობელია საქართველოში წარმოებული ღვინის, ციტრუსისა და სხვა პროდუქტების მთავარი საექსპორტო ბაზარიც. უდიდესია რუსეთის წილი ფულადი გზავნილების მოცულობაში. საქართველოს ბაზარზე მზარდია რუსული კომპანიების რაოდენობა და კაპიტალიც. დეფიციტის პირობებში, რუსეთია საქართველოში ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორიც.

უკრაინაში საომარი მოქმედებები მეექვსე დღეა გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა, სანქციებს შორისაა რუსეთის გამოთიშვა Swift პლატფორმიდან, რომელიც ბანკებს შორის ფულადი ტრანზაქციებისთვის გამოიყენება; აკრძალვა ეხება რუსულ კომპანიებს, ბანკებს, სავაჭრო ურთიერთობებს, ფრენებს, ასევე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოლიგარქებსაც.  

25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება, რასაც საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. პრემიერის პოზიცია, მოხალისეებისთვის ხელის შეშლასთან ერთად, გახდა მიზეზი, რატომაც  ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]