weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს აუცილებელი სიფრთხილით – გერმანიის ელჩი

11:44 შაბათი, 12 მარტი 2022

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ​უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „მოქმედებს აუცილებელი სიფრთხილით“ და საერთაშორისო ორგანიზაციებში „ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ“.

„ვხედავთ, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ქვეყნის მთავრობებს უხდებათ მძიმე გადაწყვეტილებები მიღება. საქართველოს მთავრობა, ჩემი აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაერო-ს რეზოლუციის ინიციატორი. ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ჰუბერტ ქნირშმა კომენტარი გააკეთა ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და თქვა, რომ ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას ჩამოსვლის და აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების.

„მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ.

მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები.

ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება. გარდა ამისა, მთავრობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველი მოხალისეების გამგზავრებას. ამ პოზიციების გამო, უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]