weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ პატრიარქზე და მთავრობაზე მეტი იცის – კობახიძე

13:09 შაბათი, 26 მარტი 2022

„პრეზიდენტს, მით უმეტეს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ რომ ვიცოდით, რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს მხარი პრეზიდენტის პოზიციაზე“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მხოლოდ მისი პირადი აზრის გამოხატულებაა და არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი.

„ტენდენცია არის სამწუხარო და უცნაური. უფრო სწორად, შემაშფოთებელი არის ის, რომ მეტნაკლებად კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებდა სისტემა გასული სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში, თუ რამდენია გასული 2018 წლის ბოლოდან... როდესაც ვითარება გართულდა, რეგიონულ კონტექსტს ვგულისხმობ, მაშინ გაჩნდა რატომღაც, ეს არის უცნაური და სამწუხარო, კონსტიტუციის მიღმა მოქმედების ტენდენცია. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. ასეთი შემთხვევა იყო ელჩებთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევა იყო ვიზიტებთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევა იყო პარლამენტში, როდესაც პრეზიდენტმა არად ჩააგდო პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივა და მას დაუმალა, რომ სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შემოჰყავდა. როდესაც ასეთ რთულ რეგიონულ ვითარებაში ჩნდება ტენდენცია კონსტიტუციის დარღვევის, ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს კომპეტენციებს და სისტემას – ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველამ იცის, რომ პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს მთავრობა. პრეზიდენტი არ არის ამის მონაწილე, ის არც ახორციელებს პოლიტიკას, არც განსაზღვრავს. მას აქვს არსებითად სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული.

აქ ერთი რამის დაფიქსირებაა მნიშვნელოვანი – როდესაც პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსი, იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავენ პარლამენტი და მთავრობა.

ეს კურსი გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის განცხადებებში. შესაბამისად, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის თავისი კომპეტენციების შესახებ და გაიხსენა უკრაინაში ომის ფონზე, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრების ფაქტი. 14 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის გამოც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და „სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.

„მან პირდაპირ აღნიშნა, როდესაც საპარლამენტო სხდომაზე იყო, რომ იცოდა, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედა, მაგრამ დაარქვა ვიზიტს „პირადი ვიზიტი“. როდესაც ასეთ წვრილმან მანიპულაციაზე მიდიხარ იმისთვის, რომ კონსტიტუცია თითქოს ლამაზად დაარღვიო, აქ ჩანს, რომ იქ რაღაც განსაკუთარებული მოტივაცია ჰქონდა მას ალბათ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილს იმ როლში დაუჭირეს მხარი, რაც კონსტიტუციით აქვს მიკუთვნებული – „ეს არის არსებითად სიმბოლური როლი“.

„ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა და განეხორციელებინა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სისტემა ირღვევა. პრეზიდენტი, აქაც სიმბოლურად, კონსტიტუციის დაცვის გარანტია და როდესაც ის თავად არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან საფრთხის შემცველი მოვლენაა კონსტიტუციური წესრიგისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო დროს, მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებს. 25 მარტს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელებს „თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]