weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა – ღარიბაშვილი

11:56 ორშაბათი, 28 მარტი 2022

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საწვავის გაძვირების გამო პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინ გამართულო აქციების უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვა, რომ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაეებს ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან მომდინარეობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია და აღნიშნა, რომინფლაცია და ფასების ზრდა გამოწვევაა საქართველოშიც.

„საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყაენა მთელი მსოფლიოო, წელს დაემატა ეს ტრაგედია, ომი – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ომი არ ყოფილა ევროპაში. ამას, ბუნებრივია, ჩემო ძვირფასებო, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე – ფასებზეც, ეკონომიკაზეც, ინფლაციაზეც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ „ამას სჭირება კარგად გაანალიზება და მოსახლეობისთვის კარგად ახსნა“.

„მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით, 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში უფრო ძვირია საწვავი, ბენზინი ვიდრე საქართველოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო.

„ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ. ეს მიუღებელია. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე კანონსა და წესებს უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოქალაქეებმა 27 მარტს, თბილისში, საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს. აქციის 20 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და მათი მოთხონისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]