weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

რადას თავმჯდომარეს დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა – პაპუაშვილი

11:17 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან, რომელსაც დაუდასტურა, რომ უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არის.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ვიზიტის დეტალებზე ის და სტეფანჩუკი დღეს ისაუბრებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით,

მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით“ – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

„უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა თავდაპირველად უარი თქვა რუსლან სტეფანჩუკის მიწვევის მიღებასა და უკრაინაში ჩასვლაზე. მან განაცხადა, რომ ოფიციალური მიწვევა „არასათანადოდ“ ჩანდა საკითხების, მათ შორის, „დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებსა“ და „კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების“ განუმარტებლობის ფონზე.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში წასვლის სურვილი საპარლამენტო ოპოზიციამ გამოთქვა და დელეგაციის დაკომპლექტებაზე დაიწყო საუბარი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში გაემგზავრებოდნენ, თუმცა პაპუაშვილის გამგზავრებაზე საუბარი არ ყოფილა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტი“ იმ შემთხვევაში დაიგეგმებოდა, თუ კონკრეტული წინაპირობები შეიქმნებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ გაემგზავრება უკრაინაში საქართველოს პარლამენტიდან, თუმცა ცნობილია, რომ დელეგაციაში თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ერთი წარმომადგენელი ეყოლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]