weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მედიის თავისუფლების მხრივ საქართველომ 29 პუნქტით დაიხია უკან და მსოფლიოში 89-ე ადგილზეა

13:48 სამშაბათი, 03 მაისი 2022
ევრონიუსის ფოტო / თავდასხმა ჟურნალისტებზე, 2021 წლის 5 ივლისი ევრონიუსის ფოტო / თავდასხმა ჟურნალისტებზე, 2021 წლის 5 ივლისი

საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაუარესდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის ანგარიშში, 180 სახელმწიფოს შორის საქართველოს 89-ე ადგილი უკავია. 2019, 2020 და 2021 წლების ანგარიებში ქვეყანა მე-60 ადგილზე იყო.

ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

„მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებული. ახალი ამბების მთავარი წყარო ტელევიზიაა. მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო კონტენტს. ამის გამო ოპოზიციურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა თავისი სარედაქციო ხაზი მას შემდეგ დაასრულა, რაც კომპანია წინა მფლობელს დაუბრუნდა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ძლიერდება, რადგან ბეჭდური მედიის მკითხველი მცირდება და ონლაინ ახალი ამბების აუდიტორია იზრდება“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ კონტექსტსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში ახალი და სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

„ეს გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელებზე კონტროლის მოსაპოვებლად კონკურენტული ბრძოლის გაგრძელებას. ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, მაგრამ დიდი ქსელები ძირითადად იცავენ მათი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან.

იგივე ტენდენციაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიაში. ისინი ექვემდებარებიან ხელისუფლების ჩარევას, რომელიც მედიის კრიტიკას ცენზურით, რეიდებითა და დაშინებით პასუხობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით, მთავრობამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლოები ცდილობდნენ, იერიში მიეტანათ წყაროს კონფიდენციალურობის პრინციპზე, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით ეს პრინციპი დაცულია.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ სარეკლამო ბაზარი არ არის განვითარებული ბეჭდურ და ონლაინ პრესაში, რომლებსაც დიდწილად ფინანსდებიან დონორების მიერ, როგორც წესი, დასავლეთიდან.

„ქართული საზოგადოება გამოირჩევა გარკვეულ საკითხებზე ძლიერი სოციალური დაძაბულობით, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. თემები მოიცავს რელიგიას, ლგბტ უფლებებს და რუსეთის გავლენას. გავლენიანი სოციალური ფიგურები, როგორებიც არიან მართლმადიდებელი სამღვდელოების წევრები, კონტროლდებიან უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რითიც ირღვევა ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს დაცვა.

ჟურნალისტებზე ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.

2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრ-დემონსტრაციის დროს, ლინჩის ბრბომ, უშიშროების ძალების მეთვალყურეობის ქვეშ, 50 რეპორტიორზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა, რითიც უპრეცედენტო უკუსვლა აღინიშნა.  ამ მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და წინსვლის ნაკლებობა აჩვენებს იმ პირთა დაუსჯელობას, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადის“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში დღეს, 3 მაისს, თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გამოქვეყნდა. უახლეს რეიტინგში, მედიის თავისუფლების მხრივ, პირველი ადგილი ნორვეგიას უკავია, ბოლო კი ჩრდილოეთ კორეას. საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფშია, როგორებიცაა ჩილე (82-ე ადგილი), გვინეა (84-ე), უნგრეთი (85-ე), ისრაელი (86-ე), მონღოლეთი (90-ე).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]