weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

EU კანდიდატობაზე უარი ისეთივე ალოგიკური იქნება როგორიც უკრაინის ელჩის გაწვევა იყო – კობახიძე

12:34 ორშაბათი, 30 მაისი 2022

„ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფნიგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია ყველა ხელშესახებ შედეგს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

„საქართველო ყველა შესაბამისი პარამეტრით წინ უსწრებს ორივე აპლიკანტ ქვეყანას, რასაც ვერავინ უარყოფს. მათ შორის, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45%, რაც უპრეცენდენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს.

იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.

რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა.

 ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“, – ამბობს კობახიძე.

მან ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას „სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალი“ უწოდა და თქვა, რომ არასერიოზულია ვერსია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი მისი დაპატიმრების გამო ეთქვას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]