weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებულიყო ისტორიული მომენტისთვის – ჰარცელი

16:49 ორშაბათი, 30 მაისი 2022

„არ მინდა სპეკულირება დავიწყო შედეგებზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება ის – მოლოდინზე ნაკლები თუ მეტი, პირობებით თუ მათ გარეშე – მთავარი მაინც ერთია: დროა, საქართველომ მიხედოს საქმეს და გააკეთოს ყველაფერი რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ელჩი დღეს სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და საქართველოზე მის გავლენას ეძღვნებოდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, წარმატებისთვის საჭიროა ერთობა. მე ვხედავ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ყველა ერთნაირ მოწოდებას აკეთებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ყველას ერთ ოთახში თავმოყრა ვერ ხერხდება.

მე არ ვარ გულუბრყვილო და ვიცი, რომ უფრო რთულია ნორმალური პოლიტიკური კულტურის აშენება, ვიდრე ერთმანეთზე ისეთი იარლიყების მიკერება, როგორებიცაა: „მონები“, „ომის პარტია“, „პუტინისტები“, „მოღალატეები“ და ა.შ. მჯერა, რომ ეს გამოწვევა უნდა იყოს გადალახული.

საქართველოს შეეძლო, უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის. ბოლო წლების განმავლობაში გაჩნდა ბევრი შეკითხვა იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო.

ვფიქრობ, განსაკუთრებული საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო დროს ევროკავშირის საჯარო რეაქცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არცთუ სასიამოვნო იყო. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტენდენციებს, 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ, ისევე როგორც მის შემდგომ მოვლენებს, ასევე რამდენიმე ქმედებას, რომელიც მიმართული იყო სასამართლო სისტემის დაზიანებისკენ, ფარული ჩანაწერების პრაქტიკა და ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

საჭიროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ არის უმნიშვნელო. პირიქით, ისინი პირდაპირაა დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო ღირებულებებთან. საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონის საუკეთესო მოთამაშის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა იოლი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი და მსოფლიოში განვითარებული სხვა მოვლენები გავლენას ახდენს ამ პროცესზე, „როგორც ისტორია აჩვენებს“, ის დაიწყება და დამთავრდება საქართველოს „სიმტკიცითა და ქმედებებით“.

„ევროკავშირის საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დახმარება აქვს მიღებული ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ მზად ვართ, კვლავაც გავაგრძელოთ მუშაობა მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]