weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მხოლოდ ის „დავაშავეთ“, რომ ენმ-ს არ გადავაბარეთ ხელისუფლება და სასამართლო – კობახიძე

12:03 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის საუბარი ბოლო წელიწად-ნახევარში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლის შესახებ „აბსოლუტურად გაუგებარია“. ირაკლი კობახიძე ოპონენტებს „მოღალატეობრივ ქმედებაში“ ადანაშაულებს.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის წევრები ევროკავშირში საქართველოს საწინააღმდეგო აგიტაციას აწარმოებენ, რაზეც ინფორმაცია „იმ კაბინეტებიდან და დერეფნებიდან“ აქვს, სადაც ისინი დადიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წყაროს ვერ დავაკონკრეტებთ, მაგრამ არც არის საჭირო ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი ამ აგიტაციას აწამოებენ საჯაროდ. თქვენ ნახეთ საპარლამენტო დებატები, სადაც სამი საათი დაუთმეს იმაზე საუბარს, თუ რატომ და როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. რომ შედიხარ კაბინეტში და საუბრობ ათას სიყალბეს შენს ქვეყანასთან დაკავშირებით ამ ძალიან რთულ და მნიშვნელოვან პერიოდში, ეს არის აგიტაცია იმის წინააღმდეგ, რომ შენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქვეყნისთვის „დამაზიანებელი ქმედებების“ თვალსაზრისით ლიდერი პარლამენტარი სალომე სამადაშვილია.

„როდესაც არის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც წყდება კანდიდატობის საკითხი, რაც არის მნიშვნელოვანი ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, საპირისპირო კამპანიის წარმოება არის უბრალოდ მოღალატეობრივი ქმედება. როდესაც მთლიანად მათი მესიჯბოქსი გაჯერებულია ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით, თან წელიწად-ნახევარზეა საუბარი, აბსოლუტურად გაუგებარია, რაში გამოიხატება დემოკრატიული უკუსვლა. ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“, არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება. ერთადერთი ჩვენი „დანაშაული“ არის ის – სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის – რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და სასამართლო არ მივეცით“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს სასამართლოს გადაბარების მცდელობაში, ირაკლი კობახიძემ თქვა:

„ძალიან მარტივად გეტყვით: შეტანილი იქნა შესაბამისი პუნქტები, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმებაში, საბოტაჟის საფუძველზე და შემდეგ ამას მოჰყვა გარკვეული გაგრძელებები, რაც არ იყო ასახული თვითონ 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ შემოთავაზების დონეზე გაჟღერდა სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, შეთავაზება, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა იყვნენ არჩეულნი 2/3-ის უმრავლესობით, ან იუსტიციის საბჭოში მოსამართლეები უნდა იყვნენ ნომინირებულნი ორჯერ 2/3-ის უმრავლესობით. აქ იგულისხმება მოსამართლე წევრების 2/3 და პლიუს არამოსამართლე წევრების 2/3 და იქაც ოპოზიციაა ჩართული ამ არამოსამართლე წევრების არჩევაში. ძალიან მარტივად რომ თქვთ, როდესაც შენ გაქვს დადგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება, ასეთ დროს ოპოზიციას ლოგიკურად შეჰყავს თავისი წარმომადგენლები სასამართლო სისტემაში. ეს იყო მათი რეალური ამოცანა და მიზანი.

ნაცვლად იმისა, რომ კონკურსის საფუძველზე ჩატარებულიყო პროცედურა და ჯანსაღი პროცესის საფუძველზე შერჩეულიყვნენ მოსამართლეები, ოპოზიციის მხრიდან წავიდა ვაჭრობა იმისთვის, რომ სისტემაში შეეყვანათ საკუთარი მოსამართლეები და ჩვენ კარგად გვახსოვს, რას ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო. უფრო სწორად, „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლო სისტემაზე.

წარმოიდგინეთ, უზენაეს სასამართლოში „ნაცმოძრაობას“ რომ ჰყავდეს 6-7 მოსამართლე ან სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ეს გამოიწვევდა სრულ კატასტროფას. მარტივად, ერთი უსამართლო ქეისით შეგიძლია, მთელი აფეთქება გამოიწვიო.

სასამართლოში თუ გყავს შენ შენი ხალხი, რაც ჰყავდათ მათ 2015 წლამდე – მაშინ ვერ მოახერხეს ამის ბოლომდე ეფექტურად გამოყენება, თუმცა რაღაცებში იყენებდნენ. ჯერ კიდევ კუბლაშვილი იყო მათი უზენაესის თავმჯდომარე 2015 წლამდე, ჰყავდათ თბილისის სააპელაციო თუ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ საკუთარი კადრი და ა.შ. – იგივე უნდოდათ უფრო დიდი მასშტაბით. რა თქმა უნდა, ნიშნავს სასამართლო სისტემის პოლიტიზებას, რაც სერიოზულ რისკს უქმნიდა მთლიანად ხელისუფლების სისტემას და საბოტაჟის ახალი რისკი იქმნებოდა.

ძალიან მარტივი სქემა იყო: საბოტაჟი პარლამენტში, ამის საფუძველზე შეგაქვს გარკვეული პუნქტები 19 აპრილის შეთანხმებაში, მერე ამას აკონკრეტებ ამ ფორმით, რომ ოპოზიციამ თავისი წილი უნდა მიიღოს სასამართლოს ფორმირებაში და შესაბამისად, იღებ ძალიან მძიმე სურათს.

კონკრეტულად ორი ამოცანა ჰქოდა იმ საბოტაჟს, რაც ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და სასამართლო სისტემაში შეღწევა. არც ერთი და არც მეორე არ იყო დასათმობი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, არასერიოზულია პარტია „ლელოს“ ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ხელისუფლება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]