ნოემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

რისთვის მიიღო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძემ 1 მილიონზე მეტი ხელფასი

11:11 - 14 ნოემბერი 2017 hits 339

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, 10-წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე განიხილა, თუმცა 1 000 000 ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატები აიღო.

მიხეილ ჩინჩალაძეს, ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს, 2004-2007 წლებში, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. იმ პერიოდში იგი  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.

2007 წლის ივნისიდან მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. 2017 წლის 11 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იგი უვადო მოსამართლედ გაამწესა, 29 მაისს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ, უზენაეს სასამართლოში მუშაობის პერიოდში, 2007 წლის ივნისიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მიხეილ ჩინჩალაძემ ანაზღაურების სახით (სარგო, პრემია და დანამატები) 982 217 ლარი მიიღო.

ანაზღაურების ოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

2007 წელს - 32 716 ლარი; 2008 წელს - 72 010 ლარი; 2009 წელს - 80 136 ლარი; 2010 წელს - 114 017 ლარი; 2011 წელს - 111 303 ლარი; 2012 წელს - 114 525 ლარი; 2013 წელს - 108 175 ლარი; 2014 წელს - 117 495 ლარი; 2015 წელს - 115 920 ლარი; 2016 წელს - 115 920 ლარი.

იმის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 6300 ლარია, 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიხეილ ჩინჩალაძემ მხოლოდ სარგოს სახით სულ მცირე 31 500 ლარი კიდევ მიიღო. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ყოფნის 10 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მიღებული თანხა მინიმუმ 1 013 717 ლარს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციების – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“, - გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10 წლის მანძილზე ფაქტობრივად არ ასრულებდა სამოსამართლო ფუნქციას, ვინაიდან მას მხოლოდ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო და 2 სისხლის სამართლის).

იმავე ინფორმაციის მიხედვით, 2010-დან 2013 წლებში, ასევე 2015 წელს მიხეილ ჩინჩალაძეს არცერთი საქმე არ განუხილავს, 2014 წელს განიხილა მხოლოდ 2 საქმე, 2009 წელს და 2016 წელს კი თითო საქმე.

შედარებისთვის, უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებიდან, პაატა სილაგაძეს განხილული ჰქონდა 12 290 საქმე, მაია ვაჩაძეს - 8640, ნუგზარ სხირტლაძეს - 7159, გიორგი შავლიაშვილს - 6527, ბესარიონ ალავიძეს - 6087 და ა.შ.. სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კი ბოლო 2 წლის განმავლობაში განიხილა 1825 საქმე.

შეგახსენებთ, მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის პერიოდს უკავშირდება კურიოზული შემთხვევა, როდესაც მან სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ „დუმილის უფლებას იყენებს“.  

„რეგინფო“ წერდა, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი მფარველობს, ისინი მეგობრები და ნათელმირონები არიან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის ყველა წევრი მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნა.

2013 წლის ოქტომბერში, მიხეილ ჩინჩალაძის დედა - რუსუდან სამხარაძე დაინიშნა სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 2 600 ლარია.

2014 წლის ივნისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი კონსულტანტი გახდა მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლე მარიკა მარიკაშვილი, რომელიც იმ პერიოდში არსად არ მუშაობდა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება ამ პოზიციაზე 2 686 ლარს შეადგენს.

2016 წლის 15 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში ექპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმდა მიხეილ ჩინჩალაძის პენსიონერი მამა - 68 წლის თამაზ ჩინჩალაძე, რომელსაც თვეში 1 665 ლარის ოდენობით ხელფასი დაუნიშნეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი