weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ახმეტის მერმა ქვემო ალვანში წარმომადგენლად კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი დანიშნა

18:40 პარასკევი, 02 მარტი 2018

ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა სოფელ ქვემო ალვანში თავის წარმომადგენლად კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და რაიკომის ყოფილი მდივანი, 64 წლის მერაბ ოთიურიძე დანიშნა. მერაბ ოთიურიძის შვილი „ქართული ოცნების“ კახეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ამჟამად კი თელავის საკრებულოს წევრია.

მერაბ ოთიურიძე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. 1989-1990 წლებში იყო ახმეტის რაიკომის მესამე მდივანი. კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ იგი კომპარტიის ახმეტის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მერაბ ოთიურიძეს პირადი ურთიერთობა აკავშირებს რუსეთის კომპარტიის ლიდერებთან, მათ შორის, გენადი ზიუგანოვთან. იგი პერიოდულად ჩადიოდა მოსკოვში და ესწრებოდა პარტიულ ყრილობებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს. 

„სოფელ ქვემო ალვანში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადებული იყო კონკურსი. ვმონაწილეობდით 3 ადამიანი. კომისიამ მე შემარჩია. რაც კომუნისტური პარტია აიკრძალა, ამ პარტიასთან არანაირი შეხება არ მქონია. ვიღაცეებს არ უნდათ, რომ ბრძენი ადამიანი იყოს სოფლის ხელმძღვანელი და ამიტომ მოგმართეს ალბათ. გენადი ზიუგანოვს არ ვიცნობ. რუსულიც კი არ ვიცი კარგად, რა ურთიერთობა უნდა მქონდეს მასთან“, - უთხრა „რეგინფოს“ მერაბ ოთიურიძემ. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მერაბ ოთიურიძე 2005 წლის 16 აპრილიდან არის კომუნისტური პარტიის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი. ამ პოზიციაზე ის კომუნისტური პარტიების კავშირის ყრილობაზე აირჩიეს. „არანაირი შეხება არ მაქვს კომუნისტურ პარტიასთან 1997 წლის შემდეგ“, - აღნიშნა მერაბ ოთიურიძემ. 

- ბატონო მერაბ, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციაც ადასტურებს, რომ თქვენ პარტიის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრად ხართ არჩეული?

- შეიძლება დაუსწრებლად ამირჩიეს. მაგაში რა არის ცუდი?... ახლაც ასე არ არის, პარტიებს ხალხი რომ არ ჰყავთ, ვიღაცეებს აფორმებენ ხოლმე. მე არ მახსოვს ამირჩიეს თუ არა.

- იყავით თუ არა ამ შეხვედრაზე, 2005 წლის 16 აპრილს?

- არ მახსოვს. იმის შემდეგ ამდენი წელია გასული. ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება. მაშინ სხვა პარტია არ იყო“.

 

მერაბ ოთიურიძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა 2018 წლის 28 თებერვალს გამოსცა, უფლებამოსილების განხორციელებას კი იგი 1-ლი მარტიდან შეუდგა. „საკონკურსო კომისიამ ქვემო ალვანში მერის წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე დასანიშნად მხოლოდ მისი კანდიდატურა წარმოადგინა. მე უარის თქმის უფლება არ მქონდა“, - განუცხადა „რეგინფოს“ ახმეტის მერმა.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, მერის პირველი მოადგილის ზაზა მიგრიაულის თქმით, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსში მონაწილე სამი კანდიდატიდან ყველაზე ღირსეული პასუხები მერაბ ოთიურიძემ გასცა: „ადრე კომუნისტურ პარტიაში რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ბოლო პერიოდშიც თუ ჰქონდა რამე შეხება, ინფორმაცია არ გვქონდა. მისი ბიოგრაფიის გამოკვლევა ჩემი საქმე არ იყო“.

სოფელ ქვემო ალვანში 2015 წლიდან ახმეტის გამგებლის წარმომადგენლად 31 წლის გიორგი გოგოთიძე მუშაობდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან ქვემო ალვანში კენჭი დამოუკიდებლად იყარა, თუმცა არჩევნებში მცირე უპირატესობით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. ამავე არჩევნებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში დამოუკიდებლად მონაწილეობდა გიორგი გოგოთიძის ბიძა, ლევან გოგოთიძე და გაიმარჯვა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ლევან და გიორგი გოგოთიძეების ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის ახლადარჩეულ მერს გიორგი გოგოთიძის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა. ქვემო ალვანის დაახლოებით 300-მდე მცხოვრებმა ეს ფაქტი გააპროტესტა, მაგრამ ახმეტის მაჟორიტარმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი ამ ამბავს უახლოეს დღეებში ვრცლად მოგითხრობთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]