weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

იმედი მაქვს ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან - შს მინისტრი

23:08 კვირა, 13 მაისი 2018

„პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჩვენს მოქალაქეებს შორის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მდგომარეობა ასეთი დაძაბულია. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილი არიან რუსთაველის ქუჩაზე, პარლამენტის წინ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს, მთელი დღე და გუშინაც პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება. თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის შეკითხვები მე პირადად მზად ვარ სულ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე. თუ საჭირო იქნება დავსხდეთ და ყველა კითვას აბსოლუტურად ღიად და აბსოლუტურად გულწრფელად გავცეთ პასუხი, რამეთუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ისე უსაფრთხოება.

მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან რუსთაველის ქუჩაზე, მიეცით პოლიციას საშუალება შეასრულოს თავისი უფლებამოსილება, რაც გამოიხატება თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში. პოლიციისთვის ორივე მხარის წარმომადგენლები არიან ჩვენი თანამოქალაქეები.

დარწმუნებული ვარ ეს დიალოგი შედგება უახლოეს პერიოდში, რომელიც შემოიტანს სინათლეს და ცხადი გახდება როგორც ჩვენი მიზნები, ასევე მოქალაქეების ის სულისკვეთება, რომელიც გამოიხატება დღეს პარლამენტის წინ.

პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჩვენს მოქალაქეებს შორის. განსაკუთრებით ახლა, როდესაც მდგომარეობა ასეთი დაძაბულია. ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და იმ შემთხვევაში თუ ან ერთი ან მეორე მხარის მხრიდან არის გარკვეული შეკითხვები მზად ვართ, ადგილზე ვუპასუხოთ მათ. მიუხედავად იმ დაძაბული ეფექტისა, რაც ტელეეკრანებზე ჩანს, ადგილზე პოლიციას სრულად აკონტროლებს სიტუაციას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ადგილზე გავცემთ პასუხს, დავამშვიდებთ და ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანები.

პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“, „ქართული მარშის“ და სხვა ორგანიზაციების წევრი ახალგაზრდები და აქტივისტები არიან შეკრებილი და ითხოვენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვონ. ისინი მეორე აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ყველა მხრიდან პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]