weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები თვითმფრინავიდან გააძევეს

13:05 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018
ფოტოზე (მარცხნიდან) ლევან ონიანი, გიორგი ჯღარკავა, პაატა პაპელაშვილი ფოტოზე (მარცხნიდან) ლევან ონიანი, გიორგი ჯღარკავა, პაატა პაპელაშვილი

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჯღარკავა და მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი პაატა პაპელიშვილი, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდნენ, ავიაკომპანია „ლოტ პოლონეთის ავიახაზებმა“ თვითმფრინავის აფრენამდე ბორტიდან გააძევა.

თვითმხილველებმა სააგენტო „რეგინფოს“ უთხრეს, რომ თანამდებობის პირები მთვრალები იყვნენ და იგინებოდნენ. „ისინი რამდენჯერმე გააფრთხილეს და მოუწოდეს სიმშვიდისკენ, მაგრამ აგრძელებდნენ ბილწსიტყვაობას“, - იხსენებს ბორტზე მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი.

ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის თქმით, ისინი მთვრალები არ ყოფილან, გაფრენამდე ყავასთან ერთად ცოტა ვისკი დალიეს.

„არავინ არ იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. არავის არ ჰქონია დალეული. თითო ჭიქა ვისკი ყავასთან ერთად თუ ყოფილა სიმთვრალე, მაშინ ძალიან მთვრალები ვყოფილვართ. რადგან ვიზიტი ჩაიშალა, ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ავანაზღაურებთ“, - ციტირებს ტელეკომპანია „იმედი“ ლევან ონიანის კომენტარს.

დელეგაციის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ჯღარკავას თქმით, გაფრენამდე აეროპორტში 50 გრამი ვისკი დალიეს, მთვრალები არ ყოფილან, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს პაპელიშვილის ვიზუალი არ მოეწონათ და თვითმფრინავიდან დელეგაციის სამივე წევრი მოხსნეს.

ავიაკომპანია „LOT პოლონეთის ავიახაზების“ წარმომადგენლის გიორგი ლიპარტელიანის განმარტებით, 10 მაისს, დილით, თბილისი-ვარშავის რეისზე, სამი მგზავრის მოხსნა ხომალდის მეთაურმა მოითხოვა.

„ავიაკომპანია ყველანაირად ცდილობს, რომ რეისიდან მგზავრის მოხსნა თავიდან აიცილოს, რადგან ამის გამო ხდება რეისის დაგვიანება. ბორტიდან მგზავრის გამოყვანა და მისი ბარგის მოხსნა ავიაკომპანიას და დანარჩენ მგზავრებსაც პრობლემას უქმნის. თუ არ არის კრიტიკული მიზეზი, ავიაკომპანია ყოველთვის ცდილობს, მგზავრმა ფრენა განაგრძოს. მგზავრები იხსნებიან რეისიდან მაშინ, როცა იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში, ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ან იქცევიან არაადეკვატურად, ბილწსიტყვაობენ, საშიშროებას უქმნიან სხვა მგზავრებს, დასცინიან ეკიპაჟს და ა.შ“, - აღნიშნავს გიორგი ლიპარტელიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]