სექტემბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური დასრულდა

11:09 - 14 სექტემბერი 2017 hits 107

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში პირველი ტური დასრულდა. მეორე სათამაშო დღეს გამართულ რვა შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.

ორი წლის წინ ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან“ მარცხისთვის სარევანშოდ ჰქონდა საქმე სამწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულ „ლივერპულს“, თუმცა მოსაგებ შეხვედრაში ქულები საკუთარი შეცდომების გამო დაკარგა. „ენფილდ როუდზე“ სტუმრები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, როდესაც ლივერპულელთა დაცვა საშინლად ჩავარდა და გაფრანგებულ ტუნისელ ვისამ ბენ იედერს გატანა არ გასჭირვებია. იურგენ კლოპის გუნდმა შეცდომა მალევე გამოასწორა და ჯერ რობერტო ფირმინომ გაიტანა, შემდეგ კი მოჰამედ სალაჰის დარტყმული რიკოშეტით აღმოჩნდა სერხიო რიკოს კარში. „ლივერპულს“ ტაიმის სოლიდური სხვაობით მოგებაც შეეძლო, მაგრამ სევილიელთა კაპიტან ნიკოლას პარეხას ხელბურთის გამო დანიშნული პენალტის დარტყმისას ფირმინო თითქოს აჩქარდა და ძელს გაარტყა ბურთი. მეორე ნახევარში თამაში კვლავ მასპინძელთა კარნახით მიმდინარეობდა. მერსისაიდელები შეტევაში კარგად მოქმედებდნენ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, „სევილიამ“ კი მეორე ხეირიანი შეტევაც აქცია გოლად და საჭირო ქულა მოიპოვა სტუმრად. E ჯგუფში პარალელურად მიმდინარე მარიბორი-სპარტაკის შეხვედრა ლოგიკური ყაიმით დასრულდა. ჯანო ანანიძე მოსკოველთა განაცხადში ტრავმის გამო არ ყოფილა.

ლივერპული - სევილია 2:2

0:1 ბენ იედერი (5) 1:1 რ. ფირმინო (21) 2:1 სალაჰი (37) 2:2 ხ. კორეა (72).

მარიბორი - მოსკოვის სპარტაკი 1:1

0:1 სამედოვი (59) 1:1 ბოჰარი (85).

დიდი ანგარიშით მოიგო F ჯგუფის ფავორიტად შერაცხულმა „მანჩესტერ სიტიმ“, რადგან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაწვრთნილმა როტერდამის „ფეიენოორდმა“ უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებისას საკუთარ „დე კუიპზე“ პეპ გვარდიოლას გუნდთან პირველივე ტაიმში დაყარა ფარ-ხმალი. საინტერესო შედეგით დასრულდა ამავე ქვეჯგუფის მეორე შეხვედრა: დონეცკის „შახტარმა“, რომელიც უკრაინის პოლიტიკური პრობლემების გამო საშინაო შეხვედრებს ხარკოვში მართავს, მეორე ფავორიტი გუნდი „ნაპოლი“ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინული კლუბის რიგებში მოთამაშე დავით ხოჭოლავას დებიუტიც შედგა - ქართველი ცენტრალური მცველი ბოლო წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ფეიენოორდი - მანჩესტერ სიტი 0:4

სტოუნზი (2), აგუერო (10), გაბრიელ ჟეზუსი (25), სტოუნზი (63).

შახტარი - ნაპოლი 2:1

1:0 ტაისონი (15) 2:0 ფ. ფერეირა (58) 2:1 მილიკი (72 პ.).

მეტნაკლებად თანაბარი ძალების მქონე კლუბებით დაკომპლექტებულ G ჯგუფში მოულოდნელი გამოდგა „პორტოს“ საშინაო მარცხი სტამბოლის „ბეშიქთაშთან“. „ესტადიო დო დრაგაოზე“ ოთხივე გოლი შენოლ გიუნეშის გაწვრთნილმა თურქეთის ჩემპიონმა გუნდმა გაიტანა, სამი - იკერ კასილასის კარში, ერთი კი - საკუთარში და მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა „ლაიპციგმა“ კი „მონაკოსთან“ გაიყო ქულები.

პორტო - ბეშიქთაში 1:3

0:1 ტალისკა (13) 1:1 დ. ტოშიჩი (21 ს.კ.) 1:2 თოსუნი (28) 1:3 რ. ბაბელი (86).

ლაიპციგი - მონაკო 1:1

1:0 ფორსბერგი (33), 1:1 ტილემანსი (34).

ე.წ. სიკვდილის ჯგუფად მიჩნელ H ქვეჯგუფში პირველი ტური მასპინძლების გამოდგა. მადრიდის „რეალის“ გამარჯვება ნიქოზიის „ა.პ.ო.ე.ლ.“-თან მოსალოდნელიც იყო და ასეც მოხდა: „სამეფო კლუბმა“ კვიპროსის ჩემპიონი გუნდი კრისტიანო რონალდოს დუბლის წყალობით დაამარცხა, ლონდონში ლეგენდარულ „უემბლიზე“ კი უპრინციპულეს მატჩში „ტოტენჰემმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაჩაგრა და დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა. შეხვედრის გმირი ჰარი კეინი გამოდგა - ინგლისის ნაკრების ფორვარდმა დუბლი ორი საუცხოო დარტყმით გაიფორმა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. ვესტფალიური კლუბიდან ასევე დიდებული გოლი გამოდგა უკრაინელი ახალწვეულის, ანდრეი იარმოლენკოს ცაცია დარტყმული.

მადრიდის რეალი - ა.პ.ო.ე.ლ. 3:0

კ. რონალდო (12) კ. რონალდო (52 პ.) ს. რამოსი (61).

ტოტენჰემ ჰოტსპური - დორტმუნდის ბორუსია 3:1

1:0 ჰიუნ-მინ სონი (4) 1:1 იარმოლენკო (11) 2:1 კეინი (15) 3:1 კეინი (60).

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, მე-2 ტურის შეხვედრები 26-27 სექტემბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com