რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ფოტოზე ოკუპანტი ქვეყნის დროშისფერებიანი მაისური აცვია 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორსა და ევროპის ჩემპიონს, გენო პეტრიაშვილს, მსოფლიო ჩემპიონს ზურაბ იაკობიშვილს, ნაკრების თავკაცს გიორგი იანტბელიძესა და ყოფილ მოჭიდავეს, მამუკა არევაძეს.
გენო პეტრიაშვილის განმარტებით, ფოტო დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ძამბოლატ თედეევის თხოვნით გადაიღეს.
„ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო.
ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს“, - დაწერა გენო პეტრიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ძამბოლატ თედეევი 1968 წელს ცხინვალში დაიბადა. ის თავისუფალ ჭიდაობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის სპორტის ოსტატის ჯილდო. 2001-2012 წლებში იყო რუსეთის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 2012 წელს ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა 2016 წელს კვლავ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.
ამ თემაზე:
მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმე არ არის - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი