weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა

18:25 სამშაბათი, 29 მარტი 2022

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც 29 მარტს სტამბოლში გაიმართა, დასრულდა. როგორც უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ განაცხადა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ახალ სისტემაზე წინადადება წარადგინეს.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ეს იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერს უსაფრთხოების ყველა გარანტი, რათა არ განმეორდეს ის შეცდომა, რაც ბუდაპეშტის მემორანდუმში იყო. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ფურცელი იყო, რაც ახლა ძალიან მტკივნეულად ვისწავლეთ. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების ქმედითი საერთაშორისო მექანიზმი“, – სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დავით არახამიამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

არახამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ წარდგენილი წინადადების მიხედვით, შეთანხმება მოიცავს გარანტორი ქვეყნების ვალდებულებას, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ თავდასხმის შემთხვევაში, NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ანალოგიურად. უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებს შორის, პირველ რიგში, გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებს მოიაზრებს, კერძოდ, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.

რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულს, უსაფრთხოების გარანტიები ამ ტერიტორიებზე დროებით არ იმუშავებს. უკრანის წინადადება ითვალისწინებს, რომ ყველა გარანტორმა ქვეყანამ არათუ არ უნდა გააპროტესტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მხარი უნდა დაუჭიროს ამ პროცესს.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებამ კონსტრუქციულად ჩაიარა. მისი თქმით, უკრაინის წინადადებები წერილობით მიიღეს და მათ უახლოეს პერიოდში განიხილავენ.

„ინფორმაციას მივაწვდით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და შესაბამისი პასუხი გაეცემა. უკრაინა უარს ამბობს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზების, კონტიგენტების განლაგებაზე, სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე გარანტორი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის თანხმობის გარეშე. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ ეწინააღმდეგება უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად არის გაწერილი, რა უნდა გააკეთონ გარანტორმა სახელმწიფოებმა, რადგან უკრაინა იქნება ნეიტრალური სახელმწიფო“, – თქვა მედინსკიმ.

უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ვლადიმერ მედინსკიმ აღნიშნა, რომ ისინი არ გავრცელდება ყირიმზე და დონბასის „ცალკეულ ტერიტორიებზე“: „უკრაინა უარს ამბობს ყირიმის, სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა. რა არის ეს ცალკეული ტერიტორიები, რა არის მათი ფართობი, ამას უკრაინა ცალკე ჩამოაყალიბებს, ხოლო რუსეთი ისეთ ფორმულირებას გააკეთებს, როგორიც ესმის“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობა რადიკალურად შემცირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]