„ადვოკატს პოლიციამ თავდაპირველად უთხრა, რომ ქამრანი იძებნებოდა. მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ ძებნილთა სიაში არ იყო, თუმცა ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ადვოკატი მაჰმუდოვს გათავისუფლებას ელის, თუმცა ის აზერბაიჯანიდან გამგზავრებას ვერ შეძლებს“, - წერს ხადიჯა ისმაილოვა სოციალურ ქსელში.
ისმაილოვას ინფორმაციით, ის და ქამრან მაჰუმდოვი ერთად მუშაობდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ერთ-ერთ რადიო გადაცემაზე, ხოლო მას შემდეგ რაც რადიოს ოფისი ბაქოში დაიხურა, მაჰმუდოვი სხვადასხვა პლათფორმაზე დამოუკიდებლად მოღვაწეობს და მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუებს ამზადებს. „ის თავისუფალი ჟურნალისტია. მისი დაკავების სხვა მიზეზი არ არსებობს“, - ამბობს ისმაილოვა.
ბაქოში წინასწარ პატიმრობაში რჩება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აფგან მუხთარლის განცხადებით, ის პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, მოგვიანებით კი მისი თავი აზერბაიჯანელებს გადასცეს.