weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

უკრაინამ რამზან კადიროვს ომის დანაშაულების ჩადენისთვის ბრალი წარუდგინა

18:55 პარასკევი, 26 აგვისტო 2022

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეაგროვეს ომის დანაშაულების ჩადენის „ცალსახა მტკიცებულებები“.

უკრაინული მხარის თანახმად, კადიროვის გარდა ბრალდებულები არიან ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის ჯარების უფროსის მოადგილე დანილ მარტინოვი და რუსეთის გვარდიის ბატალიონ „სამხრეთის“ ტაქტიკური ჯგუფის მეთაური ჰუსეინ მეჟიდოვი.

კადიროვს ბრალად ედება აგრესიული ომის მომზადება და გაჩაღება, უკრაინის საზღვრების შეცვლის მიზნით მოქმედება, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლება, ხოლო მარტინოვი და მეჟიდოვი ბრალდებულები არიან ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში, სამხედრო ტყვეების ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

უკრაინული სპეცსამსახურის განცხადებით, 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის გვარდიის ჩეჩნური ქვედანაყოფების ცალკეული სამხედრო ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს, იბარებდა მოხსენებებს და ანგარიშებს მათი ხელმძღვანელებისგან. უწყების ცნობით, 5 მარტს, მარტინოვი პირადად ხელმძღვანელობდა კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, ფსიქო-ნევროლოგიური პანსიონის დაკავებას, რა დროსაც თითქმის 500 პაციენტი და თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, მეჟიდოვმა კი თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში გოსტომელში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანის ბრძანება გასცა.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვი უკრაინაში უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში და ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დავალება გასცა. 

„სიამოვნებით მოვალთ და გავარკვევთ ვინ არის დამნაშავე, ტერორისტი. თქვენ არ გაქვთ არც ღირსება, არც სინდისი, არც პატრიოტიზმი, არც სამშობლოს სიყვარული.

სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას ვიღებდი, ვიღებ და მივიღებ. გავათავისუფლებ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში აწამებდით და დასცინოდით. მე რომ მკითხონ, დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს. ზელენსკი და მისნაირები უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე“, – ასე გამოეხმაურა კადიროვი ბრალდებებს.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დანილ მარტინოვი, მათთან არ მუშაობს და ის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელია. რუსული მედიის ინფორმაციით, მარტინოვი ამჟამად ამ სამინისტროს უფროსის მრჩევლად მუშაობს, მანამდე კი კადიროვის თანაშემწე იყო და რუსეთის გვარდიის რესპუბლიკურ სამმართველოში მსახურობდა. რაც შეეხება მეჟიდოვს, მარტში ჩეჩნეთის მეთაურმა მას „სამხრეთის“ ჩეჩნური ბატალიონის მეთაური უწოდა.

კადიროვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვს, მისცეს საშუალება, უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია რაც შეიძლება მალე დაასრულოს: „არ გავაჭიანუროთ ეს ოპერაცია. თუ საერთაშორისო საზოგადოების 15% ჩვენს წინააღმდეგაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად დავამშვიდოთ ეს 15%, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]