weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში საქმე კიდევ მოუგო

11:54 პარასკევი, 11 იანვარი 2019

გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო. სარჩელი ეხებოდა სახელმწიფოს მიერ არაეფექტური გამოძიების ჩატარებას მუქარის წერილებზე, რომლებსაც ისმაილოვა იღებდა და რომელთა მიხედვითაც, თუ ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობას არ შეწყვეტდა, ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ისმაილოვასთან მიმართებით დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე (პირადი ცხოვრების უფლება) და მეათე (აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება) მუხლები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ მუქარებისა და თვალთვალის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება დგას. თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლება ვალდებული იყო, დეტალურად გამოეძიებინა ჟურნალისტის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები.

სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტისთვის კომპენსაციის სახით 15 000 ევროს გადახდა და 1750 ევროს ოდენობის სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას სასარგებლოდ მიიღო. 2013 წლის იანვარში ჟურნალისტი საპროტესტო აქციაზე დააკავეს და დააჯარიმეს. მან ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. 2017 წლის აპრილში სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დარღვევად ცნო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხადიჯა ისმაილოვას სასარგებლოდ 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ხადიჯა ისმაილოვა რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციას იკვლევდა. ის აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2014 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. საბოლოო ჯამში, დამნაშავედ ცნეს გაფლანგვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ისმაილოვას 7.5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2016 წელს უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტს სასჯელი პირობითი პატიმრობით შეუცვალა და მან საპატიმრო დატოვა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]