"მეიდან ტვ"-ის ინფორმაციით, "ჰაჯი ჯავადის" ირგვლივ ვნებათაღელვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. 9 აპრილს სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობს, მეჩეთის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მეჩეთის დანგრევა გარდაუვალი იყო. კომიტეტის განცხადებით, ვინაიდან მეჩეთის შენობა არქიტექტურულ ძეგლს არ წარმოადგენდა, რეკონსტრუქციის გეგმით მისი შენარჩუნება გათვალისწინებული არ იყო.
11 აპრილს, მეჩეთის ხელმძღვანელობამ და მრევლმა ილჰამ ალიევს "ჰაჯი ჯავადის" შენარჩუნების მოთხოვნით მიმართეს. 12 აპრილს, როდესაც მეჩეთის აღება სცადეს, პოლიციასა და მრევლს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეჩეთის ნგრევის შეჩერება და საკითხის შესწავლა ბრძანა. "ჰაჯი ჯავადის" ნგრევის შეჩერების გარდა, სახელმწიფო კომიტეტსა და მუსლიმ თემს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე.
1 ივლისს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ ახალი და უფრო თანამედროვე მეჩეთის მშენებლობისთვის ერთ-ერთ რაიონში ტერიტორია და ხარჯები გამოიყო. თუმცა, მეჩეთის მშენებლობა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, როდესაც ზოგიერთმა თანამდებობის პირმა "ჰაჯი ჯავადის" დანგრევის გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ალი ჰასანოვის განცხადებით, პრეზიდენტმა მეჩეთის დანგრევაზე პასუხისმგებელი პირები დასაჯა და თანამდებობიდან გაათავისუფლა.