weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანმა ყარაბაღში სომხეთის პოზიციებზე იერიში მიიტანა

23:57 შაბათი, 08 ივლისი 2017

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ჯარი სრულ საბრძოლო მოქმედებაში იქნა მოყვანილი და მან ყარაბაღში, სომხეთის პოზიციებზე იერიში მიიტანა. უწყების ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა დაზიანდა, ზოგიერთი სამხედრო ობიექტი კი მთლიანად განადგურდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთი მორიგ პროვოკაციას ამზადებდა.

კონფლიქტის ზონაში პარასკევს, 6 ივლისის დილით მომხდარი შეტაკება დაადასტურა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებამ და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 4 ივლისს გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სროლას აზერბაიჯანის ფიზულინის რაიონის სოფელ ალხანლიში მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები – 50 წლის საჰიბა ალაჰვერდიევა და მისი ორი წლის შვილიშვილი ზაჰრა გულიევა ემსხვერპლნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში არსებულმა ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტს დაახლეობით 30 000 ადამიანი ემსხვერპლა. 1994 წელს მხარეებმა ზავი გამოაცხადეს, რომელიც მუდმივად ირღვევა.

ვითარება განსაკუთრებით 2016 წლის აპრილში დაიძაბა, როდესაც შეტაკებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ე.წ. "ოთხდღიანი ომის" შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა არც ეს შეთანხმება სრულდება. აზერბაიჯანი და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა ზავის დარღვევაში ერთმანეთს ყოველდღე ადანაშაულებენ.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯარი ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. სომხეთი ყარაბაღს შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით ეხმარება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]