weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გროზნოში ათობით უკანონოდ დაკავებული სიკვდილით დასაჯეს - Новая газета

02:44 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

ჩეჩნეთში, 2017 წლის 26 იანვრის ღამეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სულ მცირე 27 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" 9 ივლისს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში წერს. გამოცემა აქვეყნებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩეჩენმა მაღალჩინოსნებმა მოკლეს.

"ნოვაია გაზეტა" წერს, რომ სასამართლოს გვერდის ავლით განხორციელებული დაკავებებისა და სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური წყაროებისგან მიიღეს.

ყველაფერი 2016 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ნაცნობ პოლიციელს თავს დაესხა და მოკლა. თავდამსხმელებმა პოლიციელის მანქანა გაიტაცეს. გაქცევის დროს ისინი საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომელს დაეჯახნენ. დაკავების ოპერაციის დროს ოთხი თავდამსხმელი განადგურებული იქნა. 3 დაკავებული კი, გაზეთის ცნობით, გროზნოს საავადმყოფოში მოკლეს.

"ამის შემდეგ მთელ ჩეჩნეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო. გარდა ამისა, ჩატარდა ორი საჩვენებელი-პრევენციული კონტრტერორისტული ოპერაცია. დაკავებები ოფიციალურად არ ფორმდებოდა, დაკავებულებს ბრალს არ უყენებდნენ და პოლიციის განყოფილებების დამხმარე ნაგებობებში ამყოფებდნენ", - ნათქვამია სტატიაში.

ეს პროცესი იანვრის ბოლომდე გაგრძელდა და 200-მდე ადამიანი იქნა დაკავებული. მათი ნაწილის დაკავების ოფიციალურად გაფორმება თვენახევრის შემდეგ მოხდა. დაკავებულებს ბრალად იარაღის უკანონოდ ტარება წაუყენეს, ზოგიერთებს კი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. გაზეთს მიაჩნია, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში დაკავებულებისგან აღიარებითი ჩვენებების მიღებას ცდილობდნენ.

"მოცემულ მომენტისთვის, ჩვენთვის ცნობილია 27 სავარაუდო მოკლულის შესახებ, თუმცა საუბარი შესაძლოა იყოს ჩეჩნეთის 56 მცხოვრებზე. ეს ადამინები იანვრის თვეში სხვადასხვა დროს დააკავეს, თუმცა, მათი მოკვლის თარიღი ერთია. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები 26 იანვრის ღამით დახვრიტეს და ცხედრები სხვადასხვა სასაფლაოზე, მათ შორის ქრისტიანულზეც, გადაიტანეს, სადაც ნაჩქარევად გათხრილ საფლავებში დამარხეს (ზოგიერთი სამარხის ადგილი გაზეთისთვის ცნობილია)", - ნათქვამია სტატიაში.

მუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში ადამიანების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაზეთს ორმა წყარომ (საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოსა და ჩეჩნეთის მეთაურის ადმინისტრაციაში) დაუდასტურა, მათ არ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ 26 იანვრის ღამეს 27 ადამიანის მკვლელობა მოხდა.

გაზეთი ირწმუნება, რომ მათ ხელთ არსებული სია და სხვა ფაქტები რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს უკვე წარუდგინეს, მაგრამ გამოძიების უმოქმედობის გამო იძულებულები გახდნენ საჯაროდ გამოექვეყნებინათ.

"ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომელის ფარგლებშიც ამ ფაქტების შემოწმება არც ისე რთულია. მათ ვაქვეყნებთ იმის გამო, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ორი თვის განმავლობაში თანამშრომლობის იმედი გვქონდა, რომელიც თავიდან ეფექტური იყო, თუმცა ახლა ნათელია, რომ საგამოძიებო კომიტეტმა პოზიციები დათმო. სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ მათ მონაცემებს, ვინც, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა გროზნოში ყველაზე საშინელი არასასამართლო ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ. ახლა გამოძიებას, რომელიც მიუთითებს, რომ ცოცხალი განმცხადებლები არ ჰყავს, საქმის დაჭერა განსაკუთრებულ მოწმეებთან მოუწევს. იმიტომ, რომ ჩეჩნეთში ყველაზე მეტად მკვდრების ეშინიათ", - ნათქვამია სტატიაში.

9 ივლისს "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა ჯამბულად უმაროვი, რომელიც ჩეჩნეთში ეროვნული პოლიტიკის, შიდა კავშირების, ბეჭდვისა და ინფორმაციის მინისტრია. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პუბლკაციას მკვეთრი პოლიტიკური ელფერი აქვს და ჩეჩნეთის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ნოვაია გაზეტა" ჩეჩნეთში უკანონო დაკავებებისა და მკვლელობების შესახებ წერს. აპრილის დასაწყისში გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებს დევნიან და დააკავეს ასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ ეჭვმიტანილები. გამოცემის ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე სამი მამაკაცი. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთში საიდუმლო ციხეები არსებობს, სადაც გეებს უკანონოდ ამყოფებენ და აწამებენ. ეს ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო. გეების დევნა ვერც ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა. თუმცა, ჟურნალისტური გამოძების გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური ანგარიში მოამზადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომოსექსუალების დევნასა და წამებას შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი, მეტსახელად „ლორდი“, ხელმძღვანელობდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]