ONA-სთან ინსტიტუტის დირექტორმა, ტელმან კერიმლიმ განაცხადა, ნაკრძალის ვიზიტორებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნაკრძალის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივი სამუშაო ადგილი ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასევე შეკეთდება გზები. კონსერვაცია ჩაუტარდება აქ არსებულ ისტორიულ ძეგლებს, გაძლიერდება დაცვა“, – ციტირებს ONA ინსტიტუტის დირექტორის კომენტარს.
გუშინ, 23 მაისს, გიდმა ზვიად ანანიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ მხარეს სპეციალური ტექნიკა ჰყავს მობილიზებული და ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზა გაჰყავს.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი ადასტურებს, რომ სამუშაობს სამი ბულტოზერით იმ ტერიტორიაზე აწარმოებენ, რომელიც დადაოა და სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დადგენილი არ არის.
ამ მოვლენების პარალელურად ბაქოში გუშინ და დღეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის პირველი სხდომა იმართება. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ყველა საკითხს კომისიის ფარგლებში გაივლიან. მისივე თქმით, „უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს“. ზალკალიანი ყველას მოუწოდებს, ემოციური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.