weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ლტოლვილთა სტატუსზე საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ სომხეთმა პირველად არ მისცა ხმა

12:06 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019
ფოტოზე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე ფოტოზე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლთა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. 4 ივნისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 კი წინააღმდეგ წავიდა. 57 ქვეყანას შორის, რომელმაც თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, წელს პირველად სომხეთიც იყო. სომხეთი წინა წლებში რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

რეზოლუციას ტრადიციულად მხარი დაუჭირა საქართველოს ორმა მეზობელმა ქვეყანამ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა.

გასულ წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეზოლუცია საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრმა 44-მა ქვეყანამ შეიმუშავა.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას. ამასთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რეზოლუცია, გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]