weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კადიროვი დაიმუქრა, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს თითებს დაამტვრევს

12:37 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის -„ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ - განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გააკრიტიკა დაღესტნელები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ვიდეომიმართვაში, რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნდა, კადიროვი „თითების დამტვრევითა“ და „ენის ამოგლეჯით“ ემუქრება ყველას, ვინც ჩეჩენ ხალხს პატივს არ სცემს. კადიროვის თქმით, დაღესტნელები სოციალური ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებით შეურაცხყოფას აყენებენ, როგორც მას, ისე ჩეჩენ ხალხს.

„გეუბნებით - ნუ წერთ ისეთ კომენტარებს, რომელიც ღირსეულ ადამიანს შეურაცხყოფს. ის, რომ ასეთ თანამდებობებზე ვმუშაობთ, არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ ვართ. ამიტომ თუ თქვენს სახლში მოვალთ, კარზე დაგიკაკუნებთ და მოგკითხავთ ჩეჩენი ხალხის და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის ამ შეურაცხყოფისთვის, მხედველობაში გქონდეთ, რომ არცერთ კომენტარს უბრალოდ ასე არ დავტოვებთ“, – განაცხადა კადიროვმა.

მან დაღესტნელებსა და ჩეჩნებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აყვნენ.

ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დაღესტნის რესპუბლიკის ყიზლარის რაიონის საზღვრის მიმდებარედ დადგა საგზაო ნიშანი წარწერით „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“. ამასთან დაკავშირებით 10 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამბობდა, რომ „ყიზლარის ტერიტორია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიად იქცა“. დიდი ალბათობით სწორედ ეს ვიდეო გახდა იმის მიზეზი, რომ დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა და საგზაო ნიშანი იმავე საღამოს ჩამოხსნა. 11 ივნისს, ყიზილარის გარეუბანში კიდევ შეიკრიბა ხალხი. აქციის 15-მდე მონაწილე დააკავეს.

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მომხდარში ყიზლარის ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები დაადანაშაულა. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა თქვა, რომ საგზაო ნიშანს უკან დააბრუნებენ.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 16 მარტს ჩეჩნეთმა ყიზლარის რაიონთან სადაო ტერიტორია დაირეგისტრირა ისე, რომ ამ საკითხზე დაღესტნის პასუხს არ დაელოდა. 12 აპრილის მდგომარეობით, დაღესტნის კომისია, რომელიც დემარკაციის საკითხებზე მუშაობს ამ ტერიტორიაზე არ ჩასულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]