weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას მიაღწიეს ანტირუსებმა? იგრძნობთ, როცა სასტუმროები და რესტორნები დაცარიელდება – კადიროვი

17:47 შაბათი, 22 ივნისი 2019

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებული ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Telegram-ზე გამოაქვეყნა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში არაოფიციალური მონაცემებით თითქმის მილიონი ქართველი ცხოვრობს. ჩვენი ხალხი მეგობრობის და ერთობის საუკუნოვანი კავშირით არის შეკრული.

ქართული კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება მსოფლიომ რუსეთის წყალობით შეიცნო. ზუსტად ჩვენს ქვეყანაში აყვავდა საქართველოს თითოეული მწერლის, პოეტის, კომპოზიტორის, მხატვრისა და მსახიობის ნიჭი. რაც შეეხება საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ათასობით მიზეზი გვაქვს მშვიდობასა და ჰარმონიაში ცხოვრებისთვის. და არცერთი, რომ ერთმანეთს სიძულვილით შევხედოთ.

თუმცა, უკანასკნელ წლებში თბილისში გამოჩნდნენ ამერიკასა და დასავლეთში გამოკვებილი და გაზრდილი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების მთავარ მიზნად მიაჩნიათ საქართველოსა და რუსეთის გადაქცევა ერთმანეთის მტრებად, რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის განხეთქილების ჩამოგდება.

ალაჰია მოწმე, რომ ჩეჩნეთში ვცდილობთ დავამყაროთ მჭიდრო კავშირები საქართველოს ინტელიგენციასთან, მეცნიერებთან და კულტურის მოღვაწეებთან. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით მათ გროზნოში, ჩვენ მივესალმებით დელეგაციების გაცვლას. გვახსოვს ჩვენი წინაპრების წესი, რომ მეზობელთან მშვიდობასა და ჰარმონიაში უნდა იცხოვრო. ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, არ წამოვეგოთ საქართველოს სახელმწიფო უწყებების პროვოკაციებს, რომლებიც ჩეჩნეთის მცხოვრებლებს საზღვარზე ყველანაირად ხელს უშლიდნენ“, – წერს კადიროვი.

მისი თქმით, ბოლო დღეების მოვლენები მიუთითებს, რომ ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა საქართველოში კიდევ დიდია. კადიროვის განცხადებით, „დარწმუნდნენ, რომ ისინი დიდხანს ეძებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ისტერიის მიზეზს“.

„მთელ მსოფლიოში, უცხოურ დელეგაციებს, განსაკუთრებით საპარლამენტო დელეგაციებს, დიდი პატივისცემით ხვდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო უსაფრთხოება და ნორმალური სამუშაო პირობები სახელმწიფო დუმის დეპუტატებისთვის. დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა თბილისში არეულობა მოაწყეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაფერი ნახა უკეთესი და ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსა და მის საზოგადოებაში განხეთქილების მოხდენით. ეს მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩებისთვის განაცხადა. ქალბატონი პრეზიდენტი ღრმად ცდება.

ეს რუსეთია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობით, ერთიანობითა და ჰარმონიით.

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი, არ არის სხვა სახელმწიფო, რომელიც უბედურების ჟამს უფრო სწრაფად გაუწვდის დახმარების ხელს, ვიდრე რუსეთი“, – განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინის იმ გადაწყვეტილებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ, ტუროპერატორებს კი მიეცათ რეკომენდაცია, საქართველოში დროებით აღარ იმუშაონ.

„2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსულმა რადიკალებმა? ამას იგრძნობს საქართველო, როდესაც სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, პლაჟები დაცარიელდება“, – წერს რამზან კადიროვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]