„არც ისე დიდი ხნის წინ, სტუმრად ვიყავით, ოფიციალური ვიზიტი იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. აი, იქ კი ნამდვილად აბსოლუტური უსაფრთხოებაა. არა მოჩვენებითი, თავშეკავებული სტუმართმოყვარეობა და ყველა პირობა სამუშაოდ, და ისეირნე ქალაქში თუნდაც 24 საათის განმავლობაში. ისწავლეთ! ომის შემდეგ ჩეჩნეთი საშინელ მდგომარეობაში იყო. იარაღი ხელში, ხელისუფლების არარსებობა. ამის მიუხედავად, არსებითი პროგრესია. არ მინდა ვთქვა, რომ გაკვეთილები კადიროვისგან უნდა ისწავლოთ, თუმცა არის რაღაც სასწავლი“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
სერგეი გავრილოვი საქართველოში 19 და20 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. 20 ივნისს, გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.
„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.
საპროტესტო აქციის შედეგად, 21 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმღვანელი იყო, დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.
თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა. „როსპოტრებნადზორმა“ კი ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა.