BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოზარდს, რომელმაც სოციალურ ქსელებში ჩეჩნეთის მთავრობა რწმენის არქონასა და კორუფციაში დაადანაშაულა, საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში.
„მეც მოგპარავთ მილიარდებს და გაჩუქებთ 50 ბინას“, – ასეთი შინაარსის იყო ბიჭის მიერ დაწერილი ერთ-ერთი კომენტარი.
„რამდენიმე ადამიანი თუ დაიჯერებდა, რომ მამაცი უფლებადამცველი ცხოვრებაში ასე გამოიყურება“, – ამბობს ჩეჩნეთის ტელევიზიის ჟურნალისტი და კადრში მტირალ მოზარდს აჩვენებენ. ბიჭი კი ამბობს, რომ დაუჯერა მათ, ვინც სირიასა და ევროპაში ცხოვრობს და წერდა იმის, რაც რეალურად არ არის.
„ძალიან ვნანობ. მომატყუეს ინტერნეტში. ვეცდები, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. მთელ ჩეჩენ ხალხს ვთხოვ პატიებას“, – თქვა მოზარდმა.
46-წუთიან სიუჟეტში, 16 წლის ბიჭს ჩეჩნეთის მუფთი არიგებს, რომელსაც წინ მოზარდის მიერ დაწერილი კომენტარებით სავსე საქაღალდე უდევს.
BBC-ის ინფორმაციით, ორი დღით ადრე ვიდრე მოზარდს ტელევიზიით აჩვენებდნენ, ის ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ახსენა.
„გუშინ იპოვეს და მოიყვანეს. ეგონა, რომ „ინსტაგრამში“ ვერ ვიპოვიდით“, – განაცხადა კადიროვმა და აღნიშნა, რომ ბიჭის სოციალურად გაჭირვებულ ოჯახში მამა არ არის, დედა კი უბედურია.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ბიჭი სამართალდამცველებმა იპოვეს. როგორც გაირკვა, ექსტრემიზმის პროფილაქტიკის ცენტრი, რომელიც ჩეჩნეთში მუშაობს, მასობრივი მედიის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში მუდმივად აკვირდება მათ, ვინც „ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობითაა დაკავებული“.