weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ვწუხვართ, რომ მინისტრის ნათქვამმა გაუგებრობა გამოიწვია - სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო

18:28 ორშაბათი, 25 მაისი 2020

„ვწუხვართ, რომ მინისტრის ნათქვამმა გაუგებრობა გამოიწვია და პოლიტიკური მანიპულაციის საგნად იქცა“ -  ასე უპასუხა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ქართული სააგენტო GHN-ის შეკითხვას, რომელიც საქართველოს ეპიდსიტუაციის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას შეეხებოდა. 

სომხეთის ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ  მინისტრის ნათქვამი ორი ქვეყნის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემების შედარებაზე ქართველი და სომეხი ჟურნალისტების მიერ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქდა და სინამდვილეში, არსენ ტოროსიანს ქართველი კოლეგები არ გაუკრიტიკებია.

სომხური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა, საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლის დროს, საქართველოსა და სომხეთის ეპიდსიტუაციაზე საუბრისას ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სტატისტიკა.

„არ უარვყოფ, რომ შეზღუდვები საქართველომ უკეთ განახორციელა, უფრო მკაცრად და ძლიერად და დღესაც ასე გრძელდება. არის ასევე სხვაობა მეთოდოლოგიაში: უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და განსაკუთრებით ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ძირეულად განსხვავდება ჩვენისგან, რა თქმა უნდა, არა კარგი კუთხით. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერია, ამას სიამაყით კი არ ვამბობ,  უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ არა პოლიტიკურ არამედ პროფესიულ დონეზე.“ - განაცხადა მინისტრმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, მინისტრმა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - კერძოდ, გამოიყენებოდა PCR ტესტები თუ ე.წ. სწრაფი ტესტები, რომლებსაც სომხეთი პრაქტიკულად არ იყენებს, რადგან ნაკლებად ზუსტია; გადიან თუ არა საქართველოში ტესტირებას მსუბუქი სიმპტომების მქონე მოქალაქეები; შედიან თუ არა სტატისტიკაში ის პირები, ვინც პნევმონიის დიაგნოზით გარდაიცვალა, მაგრამ ასევე დაუდგინდა Covid-19. 

„ინფორმაცია დაფიქრებისთვის: როდესაც ჩვენ ვამოწმებთ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს, ხშირად ვაფიქსირებთ კორონავირუსს. შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ საქართველოში დღეში 1-2 შემთხვევა ფიქსირდება, თუ სინამდვილეში Covid-19-ის ყველა შემთხვევა არაა გამოვლენილი და სტატისტიკაში შეტანილი?“

მინისტრის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა თბილისში, როგორც საგარეო უწყების, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. არსენ ტოროსიანისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]