weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 წლის გოგონასთვის გენიტალიების დასახიჩრების გამო ინგუშეთში საქმე აღიძრა

14:27 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის ფედერაციაში, როდესაც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების საქმეს სასამართლო განიხილავს. პროცედურა, 9 წლის გოგონას, მისი და დედამისის თანხმობის გარეშე, ინგუშეთის ქალაქ მაგასში ჩაუტარეს. ბრალდებულია ბავშვთა გინეკოლოგი, რომელმაც ოპერაციაში 2 ათასი რუბლი აიღო, თუმცა უფლებადამცველები კლინიკის შემოწმებას და მისი ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ. გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ კლინიკას ე.წ. წინადაცვეთა გინეკოლოგიური მომსახურების ჩამონათვალში აქვს შეტანილი.

გოგონას დედა, რომელიც ჩეჩნეთის მცხოვრებია, ამტკიცებს, რომ 2019 წლის ივნისში, მისგან მალულად, ყოფილმა მეუღლემ და მისმა ცოლმა 9 წლის გოგონა კლინიკაში წაიყვანეს და ე.წ. წინადაცვეთის პროცედურა ჩაუტარეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვთა გინეკოლოგმა მართლაც ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა ეს ე.წ. წინადაცვეთა არ ყოფილა. კლინიკაში ამტკიცებენ, რომ რომ ქალთა გენიტალიების დასახიჩრება დაღესტნისა და ინგუშეთის კლინიკების ჩვეული პრაქტიკა არ არის.

ქალთა გენიტალიების დასახიჩრება სასტიკი პრაქტიკაა, რომელიც ქალთა უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. პროცედურა, რომელსაც ყველაზე ხშირად, 5 დან 12 წლამდე ასაკის გოგონებს უტარებენ, ქალის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს და ზოგჯერ გოგონების სიკვდილით მთავრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში ამ პროცედურის მხვერპლი დაახლოებით 200 მილიონი გოგონა და ქალი ცხოვრობს. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში, გოგონათა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა ყველაზე მეტად დაღესტანშია გავრცელებული.

ინგუშეთში საქმე 9 წლის გოგონასთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, დედის საჩივრის საფუძველზე აღიძრა და სასამართლოს გადაეცა. გოგონას უფლებებს ორგანიზაცია „სამართლებრივი ინიციატივა“ იცავს.

„ახლა კარანტინის გამო საჭირო დოკუმენტების დროულად მიწოდება გართულებულია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ იმ პირთა წრე, ვინც ამ უკანონო, დამასახიჩრებელ ოპერაციაში მონაწილეობდა, გაიზრდება“, - უთხრა „კავკაზსკი უზელს“ „სამართლებრივი ინიციატივის“ წარმომადგენელმა, ქსენია ბაბიჩმა

„საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც არასრულწლოვნის წინააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებებშია ჩადენილი“ - ამბობს გამოცემასთან საუბარში საადვოკატო ბიუროს „მუსაევი და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, ნადეჟდა ერმოლაევა, - „თუკი კლინიკის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ მათთან ამგვარი ოპერაციების ტარდება, ექიმთან ერთად პასუხისმგელობა მათაც უნდა დაეკისროთ“.

ცენტრ „მემორიალის“ ხელმძღვანელის თემურ აკიევის თქმით, ინგუშეთში ქალთა გენიტალიების დასახიჩრება გავრცელებული პრაქტიკა არ არის, ხოლო იმ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ეს ხდება, ოჯახი პროცედურას საიდუმლოდ ატარებს და არ ახმაურებს.

„ზოგ ქვეყანაში ეს პრაქტიკა აკრძალულია, თუმცა რუსეთში სხვაგვარი სიტუაციაა. როდესაც მსხვერპლს ან მის წარმომადგენელს ლაპარაკი არ სურს, ეს უფლებადამცველების შესაძლებლობებს ძალიან ამცირებს. ეს მახინჯი პრაქტიკა პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს“, - უთხრა გამოცემას აკიევმა.

ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ინგუშეთის ზოგიერთ თემშიც გავრცელებულია, თუმცა ხელისუფლება ამას სერიოზულად არ ეკიდება, - ამბობენ „სამართლებრივ ინიციატივაში“

ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი დაღესტანში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკაზე ფართო დისკუსია, 2016 წელს, სწორედ „სამართლებრივი ინიციატივის“ პუბლიკაციის შემდეგ დაიწყო. უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ ეს ოპერაციები სასულიერო პირების თანხმობით ტარდებოდა და რელიგიურ ხასიათს ატარებდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, ამ პრაქტიკის მსხვერპლი დაღესტანში ათასობით გოგონა გახდა.

გოგონათა ე.წ. წინადაცვეთის შესახებ ინფორმაცია საქართველოში პირველად 2016 წელს, ომისა და მშვიდობისა ინსტიტუტის პუბლიკაციის შემდეგ გახდა ცნობილი. სტატიის ავტორი წერდა რომ, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკას, რელიგიური მოტივით, ყვარელში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში მიმართავდნენ. ინფორმაციას ქვეყანაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. 2017 წლიდან, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომლითაც ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]